„შაქრო ბაბუას“ სტუმარი ბესიკ ხარანაული იქნება

11 ნოემბერი  პრემია „საბას“ ლაურეატის, ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით,  11 ნოემბერს, 20 საათზე, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ ბესიკ ხარანაულთან შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ღონისძიების ფარგლებში წიგნების შეძენა განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძლება და მსურველნი ავტორის ავტოგრაფით მიიღებენ.
ასევე, ყველა სტუმარს ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ საჩუქრად გადასცემს ბესიკ ხარანაულის ახალ ხმოვან წიგნს.
ცნობისათვის: ბესიკ ხარანაული დაიბადა 1939 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი პოეტური ქმნილება გამოჩნდა 1954 წელს. მუშაობდა ლიტერატურულ ჟურნალ „მნათობში“, იყო გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი 1998-2002 წლებში.
ავტორია ოცზე მეტი პოეტური კრებულის და ორი პროზაული წიგნისა. მისი პოეზია ითარგმნა და გამოიცა გერმანულ, ჰოლანდიურ, იტალიურ, ჩეხურ, უნგრულ, რუსულ, ბულგარულ და ფრანგულ ენებზე. ხოლო 2010 წელს მისი პოემის ფრანგული თარგმანი „წიგნი ამბა ბესარიონისა“ გამოიცა საფრანგეთში.
მიღებული აქვს სახელმწიფო პრემია (1992), რუსთაველის პრემია (2002), ლიტერატურული პრემია „საბა“ (2004, 2015, 2016), პრემია „გალა“ (2012). 2011 წელს წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები