ვახტანგ ნინუას საიუბილეო საღამო გაიმართება

9 ნოემბერს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლეში ვახტანგ ნინუას 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ჯორჯ ბალანჩინისა და დავით არსენიშვილის სახელობის საგამოფენო დარბაზებში, ხელოვანის მოღვაწეობის ამსახველ ფოტომასალასთან ერთად, მის მიერ შესრულებული როლების თეატრალური და კინოაფიშები გამოიფინება. სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლის საშუალებით ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, კინოსა და თეატრის მსახიობის მიერ შესრულებული სხვადასხვა სახასიათო გმირები გაიხსენონ.
აღსანიშნავია, რომ გამოფენასთან ერთად გაიმართება ვახტანგ ნინუასადმი მიძღვნილი კატალოგის წარდგინებაც, რომელშიც თავმოყრილია წერილები, მოგონებები, პუბლიკაციები და სხვადასხვა სტატიები მსახიობის შემოქმედებასა და მისი მოღვაწეობის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ვახტანგ ნინუას საქმიანობა თეატრისა და კინოსაგან საკმაოდ შორს იყო, მისმა ნიჭმა და ტალანტმა იგი მარჯანიშვილის თეატრში მიიყვანა, სადაც მან 1948 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იმუშავა. მის მიერ შესრულებული როლებიდან განსაკუთრებული აღნიშნვის ღირსია: ბელარდო – ლოპე დე ვეგას „ცეკვის მასწავლებელი“, სადაც მან ვასო გოძიაშვილთან და ვერიკო ანჯაფარიძესთან ერთად ითამაშა, გაიოზ ხავთასი – რ. თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი“, ჯემალ ვერძაძე – ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“ და მრავალი სხვა. აღსანიშნავია, რომ ვახტანგ ნინუას არცერთი როლი სტანდარტული და იოლად შესარულებელი არ ყოფილა. მას უწევდა ყოფილიყო კომიკურიც, ბრიყვიც, ფლიდიც და გაიძვერაც, რასაც მისი განსაკუთრებული სამსახიობო ნიჭის დამსახურებით შესანიშნავად განასახიერებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები