ხალიდ ჰოსეინის რომანის – „ათასი მოელვარე მზის“ წარდგინება გაიმართება
8 ნოემბერს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა Grandpa Shaqro“ გაიმართება ხალიდ ჰოსეინის რომანის – „ათასი მოელვარე მზე“ – წარდგინება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, რომანი ინგლისურიდან თარგმნა სოფიო ჯობავამ და „არტანუჯმა“ გამოსცა.
„ათასი მოელვარე მზე“ მსოფლიო ბესტსელერების ავტორის – ხალიდ ჰოსეინის რომანია, რომელიც მწერალმა ავღანელ ქალებს მიუძღვნა. ესაა წიგნი უფლებაწართმეული ქალების ყოველდღიურობაზე, ოჯახში ძალადობაზე, „თალიბანის“ სისასტიკეზე, ლტოლვილთა გაუსაძლის ყოფასა და ქვეყანაზე, რომელსაც გამუდმებით მტრის ბომბები აცვივა, მაგრამ შაჰრ-ე ზოჰაქის დაზიანებული კედლებივით ისევ მყარად დგას. ქალები აქ განათლებისა და თავისუფლებისკენ ისწრაფვიან, ჩამოყრილ ჭურვებში კი ყვავილებს ახარებენ.
თქვენ წინაშეა სულისშემძვრელი ამბავი ორი ქალისა, რომელიც ერთმანეთში პოულობს ძალას გადასარჩენად, იბრძვის და იმარჯვებს.