პროკურორი: ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილის გარკვეული ორგანოები შეჭამა

ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომლის ვინაობასაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებ, გარდაცვლილის გარკვეული ორგანოები შეჭამა – ამის შესახებ საზარელ მკვლელობაში ბრალდებული ხუთი პირის სასამართლო პროცესამდე, პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ხუთივე ბრალდებულის შემთხვევაში პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.
„დაკავებულია 5 ბრალდებული. სამ მათგანს ბრალად ედება მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, მათგან ერთი არის არასრულწლოვანი, ხოლო დაკავებულებიდან ორს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეში ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ არსებობს საკმაო ინფორმაციათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს წარდგენილ ბრალდებას. კერძოდ, ეს არის მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები, არის ფარული მიყურადების შედეგად ჩაწერილი ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს კონტროლის ქვეშ განხორციელდა და სასამართლომ სცნო კანონიერად. გარდა ამისა, არის სხვა ნივთიერებათა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულთა მიერ მათ მიმართ წარდგენილ ბრალს. ჩვენებებში ასახული ინფორმაციის შედეგად ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ მინდა დავასახელო მისი ვინაობა, გარდაცვლილის გარკვეული ორგანოები შეჭამა“, – განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ 76 წლის დედა 18 წლის გოგონამ მეგობრებთან ერთად მოკლა. ფაქტთან დაკავშირებით სულ 5 პირია დაკავებული. გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს – ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა – 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდეგ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8-ე საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები