დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულისა და ამ საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დაიწყო

დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულისა და ამ საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დაიწყო.
სხდომა დახურულია, რადგან ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანია. ბრალდების მხარე ხუთივე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდების მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს გუშინ საღამოს მიმართა.
შეგახსენებთ, რომ 76 წლის დედა 18 წლის გოგონამ მეგობრებთან ერთად მოკლა. ფაქტთან დაკავშირებით სულ 5 პირია დაკავებული. გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს – ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა – 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდეგ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8-ე საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები