ზურაბ პატარაძე სეტყვით გამოწვეულ შედეგებს ადგილზე გაეცნო

2 ნოემბერს, აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა და სეტყვამ, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ციტრუსის ნაწილობრივი დაზიანება გამოიწვია. სიტუაციის ადგილზე გასაცნობად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლაშა კომახიძესთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაქიძეების ერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით , მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მეციტრუსე ხუსეინ წულუკიძე იმ ფერმერთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც ციტრუსი დაზღვეული ჰქონდა. ზურაბ პატარაძე ფერმერს არსებული მდგომარეობის შესახებ გაესაუბრა. მისი განცხადებით, სეტყვა ღამით რამდენჯერმე განმეორდა, თუმცა ამ ეტაპზე, ვიზუალური აღქმით შეუძლებელია მიყენებული ზიანის დათვლა.
“რამდენიმე დღეში ზუსტად გვეცოდინება, თუ რა ზარალი მიადგა ციტრუსს. ამისათვის ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია. ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მუნიციპალური სამსახურები. მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელზედაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს საჭირო ინფორმაცია.”-აცხადებს აჭარის მთავრობა.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს დაწყებული აქვთ რეგიონში სეტყვის შედეგების შესწავლა.
აჭარის მთავრობაში, როგორც აცხადებენ სპეციალური ჯგუფები ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, სავარაუდო დაზიანებებზე უკვე მუშაობენ. წინასწარი მონაცემებით, ციტრუსის დაზიანების არეალი ხელვაჩაურსა და ბათუმში უფრო მეტია, ვიდრე ქობულეთის მუნიციპალიტეტში. იმ შემთხვევაში თუ მეციტრუსე ფერმერს დაზღვევული ციტრუსოვანი ნაყოფი დაუზიანდა, საჭიროა მიმართოს შესაბამის სადაზღვევო კომპანიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები