მოწმე: ერეკლე კოდუასგან მიღებული გვქონდა „ტელეიმედის“ განეიტრალებისა და ეთერის გათიშვის დავალება

7 ნოემბრის აქციის და „იმედის“ დარბევის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოში სოდ-ისა და კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები დაიკითხნენ. სოდ-ის ყოფილმა თანამშრომლებმა იმ დეტალებზე და მითითებებზე ისაუბრეს, რასაც დარბევის დღეს ხელმძღვანელებისგან იღებდნენ.
როგორც დავით დათაშვილმა განაცხადა, „იმედის“ დარბევის დროს ადგილზე იმყოფებოდა ერეკლე კოდუაც. ყოფილმა სამართალდამცავმა დეტალურად გაიხსენა, თუ რა ხდებოდა ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც შემდეგ ცნობილი მოვლენები განვითარდა.
“ჩვენი დავალება იყო „იმედის“ განეიტრალება, ეთერის გათიშვა, ადგილზე იმყოფებოდა ერეკლე კოდუაც. დავალება იყო ასეთი – ყველა კარი უნდა გაღებულიყო, თუ არადა უნდა შენგრეულიყო. ოთახებიდან ძალისმიერი მეთოდებით გამოგვყავდა ჟურნალისტები. გავაღეთ კარი, გიორგი თარგამაძეს მიჰყავდა გადაცემა, ვუთხარი გამობრძანდი-თქო, ხელი მოვკიდე და გამოვაცილე, კოდუასგან იყო ბრძანება – აპარატურა დააზიანეთო”, – განაცხადა დათაშვილმა.
მისიე თქმით, მას და მის თანამშრომლებს 7 ნოემბრის შემდეგ ფულადი პრემიები გადაეცათ და ამ ოპერაციის შემდეგ, ხელფასის ოდენობის თანხა ჩაერიცხათ.
პროცესზე ასევე დაიკითხა კუდ-ის სპეცრაზმის ყოფილი უფროსი არჩილ არევაძე. მისი განცხადებით, 7 ნოემბერს, კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის დათა ახალაიასგან მიიღეს რუსთაველის გამზირის გასუფთავების ბრძანება.
მოწმის განცხადებით, ადგილზე იმყოფებოდა დავით ახალაია და ერეკლე კოდუა. არევაძემ დაადასტურა, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ხელკეტები დაარტყეს ყოფილ სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს და ასევე ჟურნალისტებსაც. მისივე თქმით, ადგილზე იყო თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები