კახა კალაძე: გადატრიალების მცდელობის საქმეზე, თუ ვინმეს დანაშაული გამოიკვეთება, პასუხს აგებს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, გადატრიალების მცდელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება და თუ ვინმეს დანაშაული გამოიკვეთება, პასუხს აგებს.
როგორც კალაძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა” ცდილობდა, რომ ქვეყანაში მოეწყოთ არეულობა, ამაში კი, ”რუსთავი 2” იყო ჩართული.
მისივე განმარტებით, შესაძლო გადატრიალების მცდელობის შესახებ ინფორმაცია თავად ”ნაციონალური მოძრაობიდან” მოდიოდა.
”ჩვენ გვქონდა ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით (სხვათა შორის პარტიის შიგნიდან გამოდიოდა ეს ინფორმაცია), რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავდა ქვეყანაში არეულობის მოწყობას. ძალიან ბევრი ფაქტი ემთხვეოდა ერთმანეთს. ჩვენ მოვისმინეთ აუდიოჩანაწერი. რა თქმა უნდა ამის ავთენტურობა უნდა დადგინდეს, ჩვენ ასევე მოვისმინეთ „თავისუფალი ზონის“ წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები. ჩვენ ასევე მოგვდიოდა ინფორმაცია, რომ შიგნით აქტიურად განიხილებოდა გადატრიალების მოწყობის თემა – რევოლუციური გზა. რადგან მათ კარგად იცოდნენ, რომ არჩევნებით ”ქართული ოცნება გაიმარჯვებდა. ცდილობდნენ რომ ქვეყანაში მოეწყოთ არეულობა. ამაში, რა თქმა უნდა, ”რუსთავი 2” იყო ჩართული.
მე არ ვიცი ეს ნებსით, თუ უნებლიეთ ხდებოდა. ამაზე საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი თავისი ეგზიტპოლებით, კვლევებით, რომელიც აბსოლუტურად გაყალბებული იყო და როდესაც კვლევას თახნიშვილის მეუღლე ატარებდა. თარხნიშვილი პირველი გამყალბებელია, რომელიც საკუთარ ხალხს საკუთარ ხალხს ხმას ართმევდა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ”ქართული ოცნების” წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან შესაძლო გადატრიალების მცდელობას შეეხებოდა, პრევენციულ ხასიათს ატარებდა. ”ეს იყო ჩვენი მხრიდან პრევენციული განცხადებები და როგორც ვიცი ამაზე გამოძიებაც არის დაწყებული. შესაბამისად, გამოძიება გაგრძელდება. თუ ვინმეს დანაშაული გამოიკვეთება, აგებს პასუხს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, თუ რამდენად გამართლებულია მსგავსი სახის ”პრევენციული მეთოდი”, კალაძემ განმარტა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აწყნარებდნენ მოსახლეობას, რომ გადატრიალების მოწყობას ვერავინ შეძლებდა.
”ჩვენ ვაწყნარებდით მოსახლეობას და ყოველთვის ვამბობდი იმას, რომ ვერავინ გაბედავდა ქვეყანაში რევოლუციის და გადატრალების მოწყობას. რადგან ყველა აგებდა კანონის წინაშე პასუხს, თუ რაიმე ამ მიმართულებით განხორციელდებოდა”, -აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები