კახა კალაძე: “ქართული ოცნება” არასდროს მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას დააზიანებს

პარტია „ქართული ოცნება“ არ აპირებს თავის გემოვნებაზე მოირგოს კონსტიტუცია, როგორც ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
მისი თქმით, თუ საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანს, ეს აუცილებლად მოხდება ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად. კახა კალაძე აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ არასოდეს მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანას დააზარალებს.
„პარტია „ქართული ოცნება“ არ აპირებს თავის გემოვნებაზე მოირგოს კონსტიტუცია, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთეს. თუ, კონსტიტუციის შესწორებაზე იქნება საუბარი, ეს იქნება ძალიან ფართო განხილვის საგანი. შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელშიც იქნებიან სხვადასხვა ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე იქნება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია და შესაბამისად, ეს ყველაფერი ერთობლივად იქნება განხილული. ჩვენ ყველასთან ვაპირებთ საუბარს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს გააკეთოს ის, რაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, რომ მოირგო კონსტიტუცია. ჩვენ იმიტომ მოგვცა მოსახლეობამ ასეთი დიდი მხარდაჭერა, რომ მათ იციან, ჩვენ არასდროს მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას დააზიანებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები