დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი საქართველოს მოსახლეობას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავს
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ამერიკის საკითხებში ალან დუნკანმა სოციალურ ქსელსა და მიკრობლოგების სერვის ტვიტერში ქართველ ხალხს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მიულოცა. „ვულოცავ ქართველ ხალხს არჩევნების დემოკრატიულ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებას. მოუთმენლად ველი საქართველოში ვიზიტს და ახალ მთავრობასთან თანამშრომლობას“, – წერს ალან დუნკანი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.