დავით უსუფაშვილი: პარტიაში ისეთი მდგომარეობაა, ერთი გადაბრუნებული სიტყვაც ასანთის გაკვრის როლს შეასრულებს

პარტიაში ისეთი მდგომარეობაა, ერთი არათუ გადაბრუნებული, არამედ განსხვავებული სიტყვაც კი ასანთის გაკვრის როლს შეასრულებს“, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ სამდივნოსთვის მიწერილ წერილშია ნათქვამი, რომელიც დავით უსუფაშვილმა პარტიის სამდივნოს პარტიიდან წამოსვლამდე გაუგზავნა.
როგორც უსუფაშვილმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, პარტიიდან წასვლის კონკრეტულ მიზეზებზე არ ისაუბრებს.
„ხანგრძლივი განსჯის შემდეგ დავრწმუნდი, რომ შექმნილ ვითარებაში, ჩემი მხრიდან ყველაზე ადეკვატური ნაბიჯია პარტიის დატოვება. ბევრჯერ მითქვამს, რომ მე პარტიის დამფუძნებლებთან შიდაპარტიულ ომში არ ჩავერთვებოდი და შესაბამისად, არც თანაფარდობა მაინტერესებს და არც შეიარაღებაში არსებული არგუმენტები.
პარტიაში კი უკვე ასეთი მდგომარეობაა ერთი არათუ გადაბრუნებული, არამედ, განსხვავებული სიტყვაც კი ასანთის გაკვრის როლს შეასრულებს. შესაბამისად, ჩემი მხრიდან შეუძლებლად და დაუშვებლად ვთვლი რაიმე დისკუსიაში ჩართვას, წარსულზე გააზრება-შეფასების თუ მომავლის გეგმის საკითხებზე, რაზეც ნამდვილად მაქვს განსხვავებული მოსაზრებები.
არც ჩემი სუპერპასიურ როლში გადასვლაა გამოსავალი პარტიაში, რადგან მე რომც შევძლო პასიურობა პარტიაში მძიმე პროცესები მაინც განვითარდება, ხოლო მე თუ პარტიაში ვიქნები, ბევრს ექნება იმის მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან მეც ჩავერთვები ამ პროცესში“, – ნათქვამია უსუფაშვილის განცხადებაში.
უსუფაშვილის მტკიცებით, ის, რაც ახლა პარტიაში ხდება, გამოწვეულია არა მისი გადაწყვეტილებით, არამედ პარტიაში არსებული მოვლენები გახდა მიზეზი  მისი გადაწყვეტილებისა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები