ალექსანდრე კელჩევსკი: მეორე ტურში სიმშვიდის შენარჩუნება, ეს არის ის, რის გამოც შეიძლება ამ ქვეყნის მოქალაქეები შევაქოთ და თქვენ შეგიძლიათ ამით იამაყოთ
პირველი ტურის შემდეგ გამოვლინდა, რომ საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა შემცირდა, ჩვენმა დამკვირვებლებმა შეამჩნიეს, რომ დავების განხილვის დროს გარკვეული ხარვეზები არსებობდა როგორც კომისიებში, ასევე სასამართლოში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დაიხვეწოს, – ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე კელჩევსკიმ განაცხადა.
დამკვირვებელმა ყურადღება იმ ხარვეზებზე გაამახვილა, რასაც არჩევნების პირველი და მეორე ტურის დროს ჰქონდა ადგილი. მისი აზრით, არჩევნების დროს მნიშვნელოვანია, მონაწილე სუბიექტებმა სრულყოფილად გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები.
”8 ოქტომბერს ჩვენ დავაკვირდით ხმების დათვლის პროცესს, ასევე დავებისა და საჩივრების, სარჩელების განხილვას. დავაკვირდით კამპანიას და განმეორებით არჩევნებს. პირველი ტურის შემდეგ გამოვლინდა, რომ საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა შემცირდა, ჩვენმა დამკვირვებლებმა შეამჩნიეს, რომ დავების განხილვის დროს გარკვეული ხარვეზები არსებობდა როგორც კომისიებში, ასევე სასამართლოში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დაიხვეწოს.
არ ხდებოდა სათანადო შეტყობინებები სარჩელების შესახებ და ა.შ. ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა და ამომრჩევლებმა სრულად შეძლონ თავიანთი უფლებების გამოყენება. აუცილებელია, რომ საარჩევნო პროცესი მთლიანად იქნას მოწესრიგებული და არსებობდეს შესაბამისი რეგულაციები”, – განაცხადა კელჩევსკიმ.
მისივე თქმით, საარჩევნო კოდექსში არ იყო სათანადო რეგულაციები მეორე ტურთან დაკავშირებით, მაგრამ მთლიანობაში არჩევნებმა ადეკვატურად ჩაიარა და გაიმართა ისეთ გარემოში, სადაც ამომრჩევლებისა და კანდიდატების უფლებები დაცული იყო.
”რაც შეეხება მედიას, მაუწყებლობა უფრო დაბალანსებული იყო, ვიდრე პირველი ტურის განმავლობაში. ცესკომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რომ საარჩევნო უბნის პერსონალი მეორე ტურისთვის მოემზადებინა. მინდა ვთქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური ისტებლიშმენტი ბოლომდე მომწიფებული არ არის, მაგრამ ქართველი ხალხის მიერ პირველი ტურის შედეგების ასე წყნარად და მშვიდად მიღება და მეორე საკამპანიო პერიოდში სიმშვიდის შენარჩუნება, ეს არის ის, რის გამოც შეიძლება ამ ქვეყნის მოქალაქეები შევაქოთ და თქვენ შეგიძლიათ ამით იამაყოთ”, – აღნიშნა კელჩევსკიმ.