ეკა ბესელია: საარჩევნო სისტემის საკითხზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს

 

„რეფორმის მომხრე ვარ, თუმცა არ მიმაჩნია, რომ მაჟორიტარული არჩევნები ლეგიტიმაციის ხარისხით კითხვის ნიშანს ატარებს“ – ასე უპასუხა ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ პროექტზე დასმულ კითხვას.
როგორც ბესელიამ განაცხადა, საარჩევნო სისტემის საკითხზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მისი თქმით, პარლამენტის ახალი შემადგენლობის პირობებში, გაგრძელდება განხილვა ისეთ საკითხებზე, რომლებზეც წინა პარლამენტში იყო.
“ჩვენ ამ საკითხზე გვექნება მსჯელობა და კონსულტაციები. მე მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ ამ საკითხებზე ჩვენს გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა. იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკური დოკუმენტი შედგა და ეს არის პოლიტიკური და არა იურიდიული დოკუმენტი, ასეთი ტიპის ცვლილებას, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხება, მოსახლეობასთან თათბირი სჭირდება. საზოგადოება უნდა წყვეტდეს ასეთ საკითხებს, თუ როგორი სისტემით ურჩევნიათ იყოს არჩევნები. ზოგადად, რეფორმის მომხრე ვარ, თუმცა არ მიმაჩნია, რომ მაჟორიტარული არჩევნები ლეგიტიმაციის ხარისხით კითხვის ნიშანს ატარებს – ამის კარგი მაგალითია დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები. კონკრეტულ კანდიდატს, რომელსაც მოსახლეობა პირდაპირ ირჩევს, აქვს მაღალი ლეგიტიმაცია. სხვა საკითხია სისტემაში რა ტიპის პროგრესს ვისურვებდი. ამაზე გავაგრძელებთ მუშაობს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
პარლამენტში უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საარჩევნო სისტემის ცვლილებების პროექტზე საუბრისას, ბესელიამ ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ მომავალ პარლამენტში ვერ მოხვდნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც პროექტის მიღებას აქტიურად უჭერდნენ მხარს.
”იმ პოლიტიკურ პარტიებს, მოსახლეობამ აღარ გამოუცხადა ნდობა. ეს იმას ნიშნავს, რომ არც ერთი კანონპროექტი ავტომატურად არ უნდა მივიღოთ და არც ერთი შეთანხმება ავტომატურად არ უნდა იყოს მიღებული. ახალ პარლამენტს აქვს ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია გამოცხადებული და მათ შორის საარჩევნო სისტემის საკითხსაც სჭირდება ახალ პარლამენტში განხილვა და დისკუსია”, – აღნიშნა ბესელიამ.
პარლამენტის დღის წესრიგში, პირველი მოსმენით კენჭისყრაზე დგას საპარლამენტო უმრავლესობის 81 წევრის, მათ შორის ”ქართული ოცნების” წევრების მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და 150 მანდატის პროპორციული წესით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით განაწილებას ითვალისწინებს. ცვლილებებით ასევე გათვალისწინებულია საარჩევნო ბარიერის 5%-დან 4%-მდე დაწევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები