ანა გომესი: დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ საქართველოს გვერდში ვუდგავართ და სახეზეა, რომ საქართველო ამ გზაზე მიდის
ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ანა გომესმა საქართველოში ჩატარებული მეორე ტურის არჩევნები სადამკვირვებლო ორგანიზაციასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამა.
მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე დემოკრატიის განვითარების საქმეში.
„ვიცით, რომ მეორე ტურში საკმაოდ მაღალი ფსონები დაიდო, რადგანაც მმართველ პარტიას უნდოდა საკონსტიტუციო უმრავლესობა მიეღო. წინასწარი შედეგების საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ ეს მიზანი მიღწეულია. ეს ასევე ნიშნავს, რომ უმრავლესობას პასუხისმგებლობა ეკისრება. მათ ეს უფლებამოსილება უნდა გამოიყენონ ქვეყნის საკეთილდღეოდ და არა პოლიტიკური შურისძიებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ძალთა დაბალანსება უზრუნველყოფილი იქნას ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის და ოპოზიციის უფლებების დაცვა უმნიშვნელოვანესია. ყოველ დემოკრატიაში დღევანდელი მთავრობა შეიძლება ხვალ იყოს ოპოზიცია და დღევანდელი ოპოზიცია ხვალ მთავრობაში მოვიდეს”, – განაცხადა ანა გომესმა.
გომესის თქმით, საქართველო და მისი ევროპული გზა მნიშვნელოვან ადგილს იჭერს ევროკავშირის და ევროპარლამენტის დღის წესრიგში. ანა გომესმა შეხვედრაზე ყურადღება დაუთმო მედიაპლურალიზმის საკითხს და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს. დიპლომატმა საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
”ვიმედოვნებთ, რომ შეკითხვები და საკითხები, რაც ადრე იქნა წამოჭრილი, გადაჭრილი იქნება, მაგალითად, როგორიც არის: ძალადობრივი ინციდენტების გამოძიება საარჩევნო კამპანიის დროს, ან თუნდაც პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში დისბალანსი, მედიაპლურალიზმი და სასამართლოს დამოუკიდებლობა. დემოკრატიისკენ მიმავლ გზაზე ჩვენ საქართველოს გვერდში ვუდგავართ და სახეზეა, რომ საქართველო ამ გზაზე მიდის”, -განაცხადა ანა გომესმა.