აშშ-ს ელჩი: საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო არის ლიდერი დემოკრატიული განვითარების მხრივ

ჩვენ სრულად ვიზიარებთ, საერთაშორისო დამკვირვებლების განაცხადს არჩევნებთან დაკავშირებით, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადად გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ განუცხადა.
აშშ-ს ელჩმა ქართველ ხალხს არჩევნების წარმატებით ჩატარებაც მიულოცა.
„პირველ რიგში, მინდა მივულოცო ქართველ ხალხს არჩევნების ორი ტურის წარმატებით დასრულება. ჩვენ სრულად ვეთანხმებით საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებას, რომ არჩევნები კარგად ორგანიზებული, კონკურენტუნარიანი იყო და ჯამში, ასახავდა ქართველი ხალხის ნებას. ჩემი მოსაზრებით, ეს იყო კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ დემოკრატიული განვითარების კუთხით საქართველო ლიდერია, უზრუნველყოფს, რომ არჩევნები არის კონკურენტუნარიანი, არსებობს აზრთა სხვაობა და ქართველ ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა გააკეთოს საკუთარი არჩევანი“, – განაცხადა იან კელიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო მისიებმა არჩევნების მსვლელობისას გარკვეული პრობლემები გამოავლინეს, მათ შორის დაშინების ფაქტები და ძალადობრივი ინციდენტები.
„როგორც სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი შეშფოთება უკავშირდება ძალადობისა და დაშინების ინციდენტებს. ჩვენ ველოდებით, რომ ეს ინციდენტები იქნება გამოძიებული თავისუფალი და დაბალანსებული სამართლებრივი გზით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, იმოქმედოს კონსესუსების გზით, ქართველი ამომრჩევლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ოპოზიციას დაუჭირა მხარი და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ ერთად იმუშაოს საერთო მიზნებისთვის, რაც არის დემოკრატიის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაცია”, – განაცხადა იან კელიმ.
მისივე თქმით, აშშ მზად არის, იმუშაოს საქართველოს საზოგადოებისა და პოლიტიკური სისტემის ყველა ელემენტთან ამ მიზნების მისაღწევად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები