ემანუელის ზინგერისი: აუცილებელია პირველი და მეორე ტურის დროს გამოვლენილი დარღვევების კანონიერად გამოძიება

პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა გულისხმობს პასუხისმგებლობას საქართველოს დემოკრატიაზე, ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მომავალზე, საერთაშორისო განვითარებაზე, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ემანუელის ზინგერისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას უნდა ჰქონდეს თავისი პოზიციის გამოხატვის უფლება. როგორც ზინგერისმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნების ორივე ტურში დაფიქსირებული დარღვევები გამოძიებული უნდა იქნას და მეორე ტურში რამდენიმე კანდიდატის მიერ კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილების მოტივი ყურადღებით უნდა იყოს გაანალიზებული.
„ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემა საქრთველოში სათანადო რეაგირებას არ ახდენს იმ დავებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე პირებმა წამოაყენეს. პარტიების დაფინანსებაში დისბალანსი საკმაოდ დიდია, რამაც ხელი შეუშალა მათ, რომ გარკვეული შესაძლებლობები ჰქონოდათ. რაც შეხება კონკურენტულ გარემოს, კონკურენტობა ხელს უწყობს დემოკრატიას. ძალთა გადანაწილება, ძალთა დაბალანსება მნიშვნელოვანია და ამას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს. დემოკრატიის სიმწიფე ხშირად დაკავშირებულია არჩევნებთან. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უფრო მეტად ვღელავთ არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ ძალთა დაბალანსებაზე”, – განაცხადა ზინგერისმა.
მისივე თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საბოლოო შეფასებას 25 ნოემბერს გამოქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები