დავით ბაქრაძე: ამ არჩევნების შედეგმა ჩვენ ნამდვილად არ მოგვკლა

ჩვენი ბრძოლა გრძელდება, – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ამომრჩევლებს მხარდამჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ბაქრაძის განცხადებით, ამომრჩევლის გმირობა პარტიის თითოეულ წევრს ბრძოლის გაგრძელებას ავალდებულებს.
”ფაქტი, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ და მორალურად მართალი ვართ ჩვენი ამომრჩეველის წინაშე, იმ 500 000-ზე მეტ ხმასთან ერთად, რომელიც ჩვენ ავიღეთ ამ არჩევნებში, გვიქმნის ძალიან მყარ საფუძველს მომავალი პოლიტიკური აქტივობისთვის და მომავალი პოლიტიკური ბრძოლისთვის. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, თითოეულ ადამიანს, რომელიც მოვიდა არჩევნებზე და დააფიქსირა თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია. ეს არის ამ ადამიანების მხრიდან ჩადენილი გმირობა. გმირობა გვავალდებულებს, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ და ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება. ეს იქნება ბრძოლა უკეთესი, დემოკრატიული, მრავალპარტიული საქართველოსთვის. იმ საქართველოსთვის, სადაც ყველაფერი არ იმართება ერთი ადამიანის და ერთი პოლიტიკური გუნდის მიერ.
დღეს ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, გვჭირდება კარგად გააზრება, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი მომავალი ნაბიჯები, გვჭირდება ერთიანობა, აქედან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში თქვენ იხილავთ კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯებსაც ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს და მინდა შევახსენო, ”რაც არ გკლავს, გაძლიერებს”.
ამ არჩევნების შედეგმა ჩვენ ნამდვილად არ მოგვკლა, ამიტომ დროა გაძლიერების, დროა ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლის და დროა, მომავალი წარმატებების, თქვენთან ერთად, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით წარმატებული ჩვენს მომავალ პოლიტიკურ ბრძოლაში”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები