სოფლის ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა-2016” გაიხსნა

ბათუმში, ევროპის მოედანზე, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიხსნა. ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად დაესწრო. ღონისძიებას მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
,,დღეს არის ულამაზესი დღე – სოფლის ტურიზმის განვითარების დღე. მიხარია, რომ უამრავი სტუმარი ესწრება ფესტივალს. ოქტომბრის მიწურულს ჩვენს რეგიონს უამრავი ტურისტი სტუმრობს, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტურიზმის განვითარების კუთხით, ჩვენი ცნობადობის ამაღლების კუთხით. სოფლის განვითარება არის არა მხოლოდ აჭარის მთავრობის, არამედ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი მაღალმთიან აჭარაში ამ მიმართულებით. ჩვენი მთავრობა მუდმივად მხარს დაუჭერს სოფლის მცხოვრებლებს განავითარონ სოფლის ტურიზმი. ჩვენ გვინდა, რომ აჭარაში 12 თვის განმავლობაში იყოს ტურისტი და გვქონდეს ტურისტული მრავალფეროვნება,“ – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
სპეციალური დეკორაციებით გაფორმებულ ფესტივალზე წარმოდგენილია აჭარული სოფელი თავისი ტრადიციებითა და დამახასიათებელი კოლორიტულობით. ფესტივალის ფარგლებში ევროპის მოედანზე სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები მოეწყო. ღია ცის ქვეშ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, ტრადიციული ადგილობრივი სამზარეულოთი, სუვენირებითა და ხალხური რეწვის ნიმუშებითაა წარმოდგენილი. ასევე მოეწყო მაღალმთიან აჭარაში დამზადებული ტრადიციული ტკბილეულის პრეზენტაცია-დაგემოვნება. ფესტივალის სტუმრებს საშუალება მიეცათ აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად ემოგზაურათ.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ფოლკლორული კონცერტები, კულინარიული მასტერკლასები, მხიარული კონკურსები და შეჯიბრებები. მოეწყობა ღვინის დეგუსტაცია და სტუმრებს ჭაჭის გამოხდის ნახვის საშუალება მიეცემათ. ჩატარდება მასტერკლასები ქსოვაში, დართვასა და მატყლის ჩეჩვაში.
საღამოს სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და მუსიკალური ბრენდები-“ეგარი” და ,, ASEA SOOL” იზრუნებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ ბათუმში მეორე წელია ატარებს. ფესტივალი აჭარული სოფლის პოპულარიზაციასა და სოფლად ტურიზმის სტიმულირებას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები