დავით რაქვიაშვილი: ქვეყნის სადარაჯოზე დგომა ნებისმიერი ქართველისთვის უდიდესი პატივია

“ქვეყნის სადარაჯოზე დგომა ნებისმიერი ქართველისთვის უდიდესი პატივია“, – ამის შესახებ განაცხადა უშიშროების საბჭოს ახალმა მდივანმა დავით რაქვიაშვილმა, რომელიც პრეზიდენტმა რამდენიმე ხნის წინ წარადგინა ამ თანამდებობაზე.
რაქვიაშვილმა პრეზიდენტს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.
„მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს გამოცხადებული ნდობისთვის. საჯარო სამსახურში ყოფნა  და მით უმეტეს ქვეყნის სადარაჯოზე დგომა, ნებისმიერი ქართველისთვის, უდიდესი პატივია.
ამავდროულად უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ისეთ დროს, როდესაც ქვეყანას არ ემუქრება მყისიერი საფრთხე, უშიშროების საბჭოს მთელი ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, შესაძლო საფრთხეების გამოვლენაზე, მათ პრევენციაზე, მაშინ როდესაც სასწორზე დევს მშვიდობა, სახელმწიფოებრიობა, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. უშიშროების საბჭო სწორედ ის პოლიტიკური სათათბიროა, სადაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება ამ ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავ გადაწყვეტილებებს განიხილავს.
გეოპოლიტიკურ კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის შესუსტების მცდელობის, ტერორიზმის გეოგრაფიის ზრდის, ევროპული ღირებულებების მიმართებაში დაპირისპირებული აქტორების მომრავლების ფონზე, ჩვენს რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები უდაოდ მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.
ასეთ ცვალებად გარემოში შესაძლო გამოწვევების გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტებით.
მხოლოდ მათი კოორდინირებული მოქმედებით, ქვეყნის უშიშროების და თავდაცვისუნარიანობის მიმართებაში პოლიტიკური ძალების კონსოლიდირებული პოზიციით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მობილიზებით.
ეს არის ის პრიორიტეტები, ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა განგვისაზღვრა მე და უშიშროების საბჭოს“,-აღნიშნა რაქვიაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას მან ასევე მადლობა გადაუხადა მის წინამორბედ ირინა იმერლიშვილს და აღნიშნა, რომ იმერლიშვილმა ქვეეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მყარი საფუძველი შექმნა.
„მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს წინამორბედს და აპარატის თანამშრომლებს. ქალბატონი ირინა ამ უწყებას რთულ დროს ხელმძღვანელობდა, მანდატის ცვლილების პირობებში და მან შექმნა ამ ინსტიტუციის შემდგომი განვითარების და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მყარი საფუძველი“, – განაცხადა უშიშროების საბჭოს ახალდანიშნულმა მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები