„სტარტაპ საქართველო“ აპლიკანტებისთვის ტრენინგების კურსს  ატარებს

„სტარტაპ საქართველომ” საპარტნიორო ფონდსა და  ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად  ტრენინგების კურსი დაიწყო.  ტრენინგებზე დასწრება შეუძლიათ  „სტარტაპ საქართველოს” პროექტის იმ აპლიკანტებს, რომლებმაც „სტარტაპ საქართველოს” ვებ-გვერდზე (startup.gov.ge)  ელექტრონული რეგისტრაცია გაიარეს.
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ გაიღრმავონ ცოდნა ინოვაციების და სტარტაპების სფეროში, გაეცნონ თანამედროვე მარკეტინგულ და გაყიდვების სტრატეგიებს, დახვეწონ ბიზნეს გეგმის წერის უნარები და დაეუფლონ სხვა საჭირო ცოდნას და ინფორმაციას. ტრენინგები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლებსაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ტექნოპარკში ჩაატარებენ.
„ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი იყო შემოსული, ყველა მათგანი დეტალურად განვიხილეთ. გამოვავლინეთ საუკეთესოები, თუმცა სამწუხაროდ, იყო ბიზნეს პროექტები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს. ვიდრე პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყება, ჩვენ გადავწყვიტეთ ტრენინგები ჩავატაროთ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პროექტის განვითარებას. ჩვენ საერთო ჯამში, ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ ნაწილში გვყავს 56 გამარჯვებული აპლიკანტი და ასევე, გვყავს ასობით იდეის ავტორი, რომლებსაც სურთ დახვეწონ საკუთარი ბიზნეს პროექტები, ისწავლონ როგორ მოგვაწოდონ საკუთარი ინიციატივები, რაზე გააკეთონ აქცენტები და მიიღონ ის საჭირო ინფორმაცია, რაც ბიზნესის დასაწყებად და  განვითარებისთვის არის აუცილებელი,“-განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

ტრენინგების თემებია:

  • რა არის და როგორ იქმნება ინოვაცია, ინოვაციების ეკონომიკა და წამყვანი ინდუსტრიების მიმოხილვა
  • ინტელექტუალური საკუთრების დაცვა
  • ბიზნესის მოდელირება – ბიზნეს კანვას მოდელი
  • ბიზნესის მოდელირება – ღირებულებათა ჯაჭვის კანვასი
  • მარკეტინგი, გაყიდვები, სოციალური მედია და ბრენდინგი
  • გაყიდვების სტრატეგია და ბაზრის კვლევა
  • ფინანსები: ხარჯები, ფასწარმოქმნა, მოგების განაწილება
  • როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა
  • სტარტაპისა და ინვესტორების ურთიერთობა

„მეორე ეტაპის მეორე კომპონენტია ის, რაც დღეს დავიწყეთ. მიზანი არის ზოგადი კვალიფიკაციის ამაღლება მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ტრენინგის მიზანია დაინტერესებულმა პირებმა გაიუმჯობესონ უნარები, დახვეწონ პროექტი და გააკეთონ ხელახალი განაცხადი. რაც შეეხება ახალი კონკურისის დაწყებას, თარიღი დაზუსტებისთანავე გახდება ცნობილი,“- განაცხადა „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.
პროგრამის ფარგლებში სულ 720-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა” „სტარტაპ საქართველო”  მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება. ინოვაციურ ნაწილში გამარჯვებული 36,  ხოლო მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 20 აპლიკანტი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები