საქართველოს საგარეო უწყება კიევში მოქალაქეთა დაღუპვისა და დაშავების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევში განვითარებული მოვლენებისას, მოქალაქეთა დაღუპვისა და დაშავების გამო, ღრმა მწუხარებას. სამინისტრო დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს. “საქართველო პატივს სცემს თითოეული ქვეყნის უფლებას, განსაზღვროს თავისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, თუმცა, ამასთან, აუცილებელია, დაიცვას სამოქალაქო საზოგადოების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს როგორც უკრაინის მთავრობას, ასევე აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან და იმედოვნებს, რომ უკრაინა, რომელიც საქართველოს ტრადიციულად მეგობარი ქვეყანაა და რომელთანაც ორმხრივ და მრავალმხრივ, მათ შორის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატში, წარმატებულად ვთანამშრომლობთ, შეძლებს დიალოგის გზით სიტუაციის განმუხტვას, ქვეყნისა და უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად. გულწრფელად გვსურს, მომავალშიც, უკრაინა, საქართველოსთან ერთად, ვიხილოთ, როგორც საერთო ევროპული ფასეულობების გამზიარებელი ქვეყანა დიდ ევროპულ ოჯახში“,-აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.