ფონიჭალაში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

კრწანისის რაიონის სოფელ ფონიჭალაში, მომავალი წლიდან, ახალი, ევროპული სტანდარტების საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნება.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ბაღის საძირკველში სიმბოლური კაფსულა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად ჩადო.
2 583 კვ.მ-ზე განთავსებული ორსართულიანი შენობა 300 ბავშვზეა გათვლილი. ბაღში აღსაზრდელთა 8 ჯგუფი გაიხსნება. თბილისის მერის თქმით, საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება.
„სოფელ ფონიჭალაში საბავშვო ბაღი არ იყო. შესაბამისად, ეს პრობლემა ბევრ ოჯახს ჰქონდა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია აქ ბაგა-ბაღის მშენებლობა. გარდა ამისა, დასახლებაში სხვა საკითხებზეც ვმუშაობდით. ეტაპობრივად ყველა მიცემული დაპირება შევასრულეთ. დარჩენილი იყო მხოლოდ საბავშვო ბაღის მშენებლობა. როგორც ხედავთ, ამ უკანასკნელსაც ვასრულებთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
​თბილისს შემოერთებულ სოფელ ფონიჭალაში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება არასოდეს ყოფილა. შესაბამისად, ადგილობრივებს ბავშვების ბაგა-ბაღში ტარება საკმაოდ შორ მანძილზე უწევდათ. ღონისძიებას კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი და მერიის სხვა სამსახურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ კრწანისის რაიონისთვის ეს მესამე ახალი საბავშვო ბაღი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები