„სამართლიანი არჩევნები“ ხმის მიცემის პროცესისას არსებულ კონკრეტულ დარღვევებზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაციამ, „სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელიც საქართველოს მასშტაბით არჩევნების მიმდინარეობას ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით აკვირდება, მედიაცენტრში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ხმის მიცემის პროცესი შეაფასა და არსებულ დარღვევებზე ისაუბრა.
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ ამ პერიოდში დაფიქსირებულია დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის 4 ფაქტი, საარჩევნო უბანზე აგიტაციის 2 შემთხვევა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 2 ფაქტი, მარკირების გარეშე ხმის მიცემის 8 შემთხვევა, 2 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების დაუმოწმებლობის ფაქტი, ასევე საარჩევნო სიაში უზუსტობის 3 შემთხვევა, საარჩევნო დოკუმენტაციებისა და პროცედურების არასათანადო წარმოების 15 ფაქტი”, – განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიხეილ ბენიძემ.
„სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარემ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებსა და მათ აქტივისტებს, პატივი სცენ ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვის უფლებას და გაემიჯნონ ნებისმიერ ძალადობას.
„15 საათის შემდეგ ხმის მიცემის პროცესი, ძირითადად, მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა გამონაკლისი იყო მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანი, სადაც აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა საარჩევნო უბნის შენობა ძალადობრივად დაარბიეს. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაზარალდა 2 მოქალაქე, მათ შორის, ერთი პოლიციელი.
„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და მათ აქტივისტებს, პატივი სცენ ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვას, გაემიჯნონ ნებისმიერ ძალადობას და არ დაუშვან მათი მხარდამჭერების ძალადობრივ ინციდენტებში მონაწილეობა. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა ძალადობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და ინციდენტში მონაწილე პირებისათვის პასუხისმგებლობის კანონის სრული სიმკაცრით დასაკისრებლად,“- აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები