Newsweek: საქართველოს პრემიერი ქვეყნის მტრებს ოპოზიციის წევრის მანქანის აფეთქებაში ადანაშაულებს

ამერიკული გამოცემა “Newsweek”-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან ერთად, ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას ეხმაურება და წერს, რომ შაბათს დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვებას, სავარაუდოდ, პარტია “ქართული ოცნება” მოიპოვებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გმობს ოპოზიციის ერთ-ერთი წევრის მანქანის აფეთქების ფაქტს, რომელიც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე მოხდა.
სამშაბათს საღამოს მოხდა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება. მანქანაში ისხდნენ თავად თარგამაძე და კიდევ ერთი ადამიანი. ორივე გადარჩა, თუმცა დაზარალდა და საავადმყოფოში გადაყვანილი იქნა ორი გამვლელი, ასევე დაშავდა, სულ მცირე, კიდევ ორი ადამიანი.
„ეს უმძიმესი დანაშაული შეიძლება იყოს მხოლოდ იმ ძალის ინტერესებში, რომელიც ვერ ეგუება ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ და მშვიდ საარჩევნო გარემოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დაამატა, რომ ეს აფეთქება „არის არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი დივერსია, არამედ ეს არის არჩევნების წინ ქვეყანაში არეულობის მიზნით, საქართველოს მტრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია“.
მართალია, კვირიკაშვილმა არ დააკონკრეტა, ვინ არის ეჭვმიტანილი ოპოზიციაზე თავდასხმის განხორციელებაში, მაგრამ დადო პირობა, რომ „დამნაშავეები დაკავებულნი იქნებიან“ და პასუხს აგებენ კანონის წინაშე. საქართველო დიდი წარმატებით აღწევს თავს რუსეთის გავლენას და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების მიზნით, ახორციელებს შესაბამის რეფორმებს. ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება საქართველოს კუთვნილ ორ სეპარატისტულ რეგიონში რუსული ჯარების ყოფნა. მოახლოებულ არჩევნებში მონაწილე ორივე ძირითადი პარტია მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს მომავალს ევროპაში ხედავს.
შაბათს დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვებას, სავარაუდოდ, მოიპოვებს “ქართული ოცნების” პარტია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ, ივლისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს არ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემდა ხმას, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და სხვა პარტიებმა ამაში მნიშვნელოვანი სარგებელი შეიძლება ნახონ.
მოსალოდნელია, რომ, მეზობელ რუსეთსა და აზერბაიჯანთან შედარებით, არჩევნები საქართველოში ნაკლები რაოდენობის ინციდენტების ფონზე ჩატარდება. მეორე მხრივ, ხსენებული მანქანის აფეთქება ამ თვეში უკვე მეორე თავდასხმაა კანდიდატზე. გასულ კვირას, გორში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, დაუდგენელი პირი ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს.
http://www.newsweek.com/georgia-pm-enemies-opposition-car-blast-elections-europe-506500

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები