“ნათელაშვილისთვის მიცემული ხმა სააკაშვილისა და ნაცბანდისათვის მიცემული ხმაა”

“ნათელაშვილისთვის მიცემული ხმა სააკაშვილისა და ნაცბანდისათვის მიცემული ხმაა”, – ამის შესახებ “მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ დღეს, ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და “ლეიბორისტული პარტიის” ყოფილ წევრებსა და ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ 8 ოქტომბერს მივიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ “მემარცხენე ალიანსს”, რომლის ლიდერები იმ იდეებისა და პრინციპების ერთგულნი დარჩნენ, რასაც წლების მანძილზე ემსახურებოდნენ.
“მემარცხენე ალიანსის” სახელით მინდა მივმართო “ლეიბორისტული პარტიის” როგორც ყოფილ წევრებსა და ამომრჩევლებს, ასევე ორიოდე პროცენტ დარჩენილ მხარდამჭერს, ვისთან ერთადაც ჩვენ მივაღწიეთ სერიოზულ წარმატებებს სხვადასხვა დონის არჩევნებში, რომლებიც უკვე მერამდენე წელია ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს, ან სხვა პარტიებს აძლევენ ხმას მხოლოდ იმიტომ, რომ შალვა ნათელაშვილმა უღალატა პრინციპებს და ფულისა და სიხარბის გამო გახდა სააკაშვილისა და ნაცბანდის ხელის ბიჭი.
ჩვენ, “მემარცხენე ალიანსის” ლიდერები, დავრჩით იმ იდეებისა და პრინციპების ერთგულნი, რისთვისაც ერთად ვიბრძოდით, ამიტომ მოგმართავთ თხოვნით და მოგიწოდებთ, რომ მობრძანდეთ 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე და შემოხაზოთ #25, რაც გახდება ჩვენი მომავალი საერთო წარმატებებისა და გამარჯვებების საწინდარი.
აქვე მინდა, განსაკუთრებით მოვუწოდო დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მოსახლეობას, არ დაუჭირონ მხარი ოლქში “ნაცმოძრაობისა” და “ლეიბორისტული პარტიის” ერთობლივ კანდიდატს შალვა ნათელაშვილს, მით უმეტეს, რომ მას უკანასკნელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში თავის მშობლიურ სოფელ ბაზალეთშიც კი იპონით აქვს წაგებული არჩევნები და მისთვის მიცემული ხმა – არის “ნაცმოძრაობისა” და სააკაშვილის უპირობო მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები