გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების შედეგად მიკროავტობუსის 2 დაშავებული მძღოლი აფხაზეთიდან დევნილია
პარლამენტის დეპუტატის გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების შედეგად, დაშავებულებიდან ორი „თბილისის მიკროავტობუსის“ მძღოლია.
„თბილისის მიკროავტობუსის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები დავით კუხალაშვილი და ზურაბ მიქიანი N 49 -ის ე.წ. ყვითელი ავტობუსის მძღოლები არიან. აღსანიშნავია, რომ ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსი N 49, ყოველდღიურ რეისს მუხიანის დასახლებიდან კოლმეურნეობის მოედნამდე ასრულებს. მათივე ცნობით, კუხალაშვილი და მიქიანი, ორივე აფხაზეთიდან დევნილები არიან.
ცნობისათვის, 31 წლის დავით კუხალაშვილს, რომელსაც გ.ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, ამ დრომდე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რაც შეეხება 47 წლის ზურაბ მიქიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იგი დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. მას სხეულის ზედაპირის 5-7 %-იანი, I-II ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.
რაც შეეხება კიდევ 2 დაზარალებულს, რომლებიც გუშინდელი აფეთქების დროს, კოლმეურნეობის მოედანზე შემთხვევით იმყოფებოდნენ, ორივე მათგანი ამ დრომდე სხვადასხვა საავადმყოფოში იმყოფება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით , 69 წლის ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია. მას თავზე ნახეთქი ჭრილობა აღენიშნება. შუახნის ქალბატონს უკვე ჩაუტარდა თავის კვლევა. ამჯერად, დაკვირვებისთვის, „ამტელ ჰოსპიტალის“ ნეიროქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მსუბუქი დაზიანება აღენიშნება ასევე, ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიურ განყოფილებაში მოთავსებულ 59 წლის ქალბატონს. ის თავის ტვინის შერყევით ამ დრომდე რჩება ჰოსპიტალში. ცნობისათვის, ოთხივე პაციენტის მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
აღსანიშნავია, რომ გუშინდელი აფეთქების შედეგად, 2 ყვითელი მიკროავტობუსი,1 ყვითელი ავტობუსი და რამდენიმე პირის კუთვნილი ავტომანქანა დაზიანდა.
როგორც „კვირას“ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ პრესსამსახურში განუცხადეს, დაზიანებული ავტომანქანების შეკეთების ხარჯებს თავად კომპანია დაფარავს.
გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე შს სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.