ომალოში აეროდრომის მშენებლობის შესახებ დასკვნა წლის ბოლომდე მომზადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2020 წლამდე, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში პატარა რეგიონული აეროდრომების მშენებლობა იგეგმება.
ამბროლაურის აეროდრომის შემდეგ, შესაძლებელია მცირე ზომის აეროდრომის მშენებლობა ომალოშიც დაიწყოს, რაც ხელს შეუწყობს თუშეთის განვითარებას და რეგიონში მცხოვრებთა დამაგრების პროცესს, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ტურიზმის განვითარების კუთხითაც.  ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია და შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ომალოში იმყოფებოდნენ.
მათ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერეს ომალოს ყოფილი აეროდრომის ტერიტორია, შეაფასეს საჰაერო მისადგომები, დაბრკოლებები, არსებული რელიეფი და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სავარაუდო განთავსების კურსები.
აეროდრომის დაპროექტებამდე მიმდინარეობს მშენებლობისათვის განკუთვნილი შემოგარენის და საჰაერო სივრცის შეფასება, მის უსაფრთხოებისა და განვითარების პოტენციალის დადგენა.
დასკვნას, თუ რამდენად არის შესაძლებელი ომალოში აეროდრომის მშენებლობა, ავიაციის სააგენტოს თანამშრომლები 2016 წლის ბოლომდე მოამზადებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები