გიორგი მღებრიშვილი: დღეს შსს-ს ისტორიაში განსაკუთრებული ეტაპი იწყება

​შსს-ს ახალი ქვედანაყოფის, ერთობლივი ოპერაციების ცენტრის გახსნას შსს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა უწყების ისტორიაში განსაკუთრებული ეტაპი უწოდა. მინისტრი მიიჩნევს, რომ ახალი ქვედანაყოფის გახსნა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით, შსს-ს მნიშვნელოვან გარდაქმნას მოახდენს.
”ჩვენ ერთად შევაბიჯებთ ფეხს შსს-ს ახალ ცენტრში, ტექნოლოგიების ცენტრალურ ჰაბში, რომელიც საუკეთესო დასავლური გამოცდილებისა და სტანდარტების შესაბამისად შეიქმნა. დღეს შსს-ს ისტორიაში განსაკუთრებული ეტაპი იწყება. ჩვენ ახლა ვდგავართ უპრეცედენტო რეფორმის სათავეებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე, მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით, უწყების მნიშვნელოვანი გარდაქმნა მოხდება. არსებითად იცვლება საპოლიციო საქმის მეთოდოლოგია.
ჩვენ ვიწყებთ თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვას, უკვე რეალურ დროში. ეს იყო ძალიან ამბიციური პროექტი, თუმცა პრემიერ-მინისტრისა და ჩემი გუნდის მხარდაჭერით, მსურს სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენ ეს შევძელით. სამინისტროს ემატება ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელიც ამავდროულად აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე იქნება თითოეული თქვენგანისთვის”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მინისტრის განცხადებით საქართველოში შექმნილ ცენტრს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
”ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის საქმეში თანამედროვე მიდგომაა. ჩვენ მიერ შექმნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ზუსტი ანალოგი არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არსებობს. იგი იმითაა უნიკალური, რომ მულტიფუნქციურია და რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებას ერთდროულად ფარავს, უზრუნველყოფს მონიტორინგს, ანალიტიკას, პოლიციის ძალების ერთიან მართვასა და მხარდაჭერას. ეს ნოვაცია საშუალებას მოგვცემს, რეალურ დროში მოხდეს დანაშაულზე სწრაფი რეაგირება და მისი პრევენცია.
მოსახლეობაში გაზრდის უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხს, ამაღლდება პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა და გამოძიების ხარისხი. ამასთან სისტემა იძლევა გზებზე სატრანსპორტო რეგულაციის, ავტოსაგზაო დარღვევებზე დროულად რეაგირების საშუალებას. ჩვენ ველით და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ცენტრის შექმნის შემდეგ, ქვეყანაში დანაშაული მნიშვნელოვნად შემცირდება”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ცენტრის გახსნასთან ერთად, იწყება ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმის საპილოტე პროექტი საქართველოს სამ ქალაქში.
”ამ პროექტმა უნდა ჩაანაცვლოს სტატისტიკაზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდანაა საპოლიციო საქმიანობის საზომი. პროექტის სრულად ამოქმედების შემდეგ, ჩვენი პოლიცია დანაშაულის შედეგებთან მებრძოლი ძალიდან, გარდაიქმნება დანაშაულის მიზეზების აღმოფხვრაზე მომუშავე ძალად.
თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა და რისკების ფონზე, საფრთხეების პრევენციისთვის ახალი მიდგომებისა და ტექნოლოგიების დანერგვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ შსს აღნიშნულ რეფორმას იწყებს. ჩვენი არჩევანი ინოვაცია და განვითარებაზე მუდმივი ზრუნვაა”, – განაცხადა შს მინისტრმა და მასშტაბური პროექტის განხორციელებაში, უწყებისა და ცენტრის ყველა თანამშრომელს წარმატება უსურვა.
ერთობლივი ოპერაციების ცენტრი შს მინისტრმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გახსნა. გიორგი მღებრიშვილმა პრემიერ-მინისტრს და მოწვეულ სტუმრებს ”21-ე საუკუნის პოლიციის კარის ერთად გაღებისთვის” მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები