პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ ძალას სიმშვიდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყველა პოლიტიკურ ძალას სიმშვიდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და შეახსენებს, რომ არჩევნებში მთავარი მოქმედი პირი ამომრჩეველია.

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რამდენიმე დღეში საქართველოს წინ საპარლამენტო არჩევნები აქვს და გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ მის მნიშვნელობას. არჩევნები ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროცესი, როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაუდასტუროს საკუთარ თავს და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჩვენ შეგვიძლია ცივილური, ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება.

პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ 8 ოქტომბრამდე დარჩენილ დროში და არჩევნების დღესაც სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეების უსაფრთხოება, სამართლიანი და მაღალი სტანდარტის საარჩევნო პროცესი“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მეთაური საარჩევნო პროცესს ყურადღებით დააკვირდება.

„სახელმწიფოს მეთაური ყველა პოლიტიკურ ძალას სიმშვიდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და შეახსენებს, რომ არჩევნებში მთავარი მოქმედი პირი არის ამომრჩეველი, რომელმაც მშვიდ ვითარებაში უნდა გააკეთოს საკუთარი არჩევანი. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ საარჩევნო პროცესს საქართველოში რამდენიმე ასეული დამკვირვებელი დააკვირდება – 54 საერთაშორისო და 91 ადგილობრივი ორგანიზაცია, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანი და სტაბილური საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას.

საქართველოში უკვე იმყოფებიან ეუთო-ს წარმომადგენლები. პრეზიდენტი მიესალმება და მადლობას უხდის მათ ამ ჩართულობისთვის. ქვეყნის პირველი პირი ყურადღებით მიადევნებს თვალს მათ მოსაზრებებს, საარჩევნო გარემოსთან და მთლიანად პროცესთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები