ირაკლი კობახიძე: გვარამია სასამართლოს თავმჯდომარეს ჰპირდება მატერიალურ სარგებელს, იკვეთება ეჭვი და ნიშნები ქრთამის გადაცემის თაობაზე

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, „რუსთავი 2“ – ის გენერალური მდივნის, ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის შინაარსი, რომელიც აუდიოჩანაწერის სახით გავრცელდა, შემაშფოთებელია.
მისი თქმით, ჩანაწერში აშკარად ჩანს, თუ რა დამოკიდებულებაა „რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ სახესა და მოსამართლეს შორის.
„საუბარია საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეზე. აქ პირდაპირ ჩანს, რომ არის ერთგვარი ბატონყმური დამოკიდებულება ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს შორის. განსაკუთრებით შემაშფოთებელი არის ის, რომ, როგორც თავად გვარამიამ განაცხადა, ეს საუბარი ჩაწერილ იქნა ზუსტად მაშინ, როდესაც საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა სწორედ „რუსთავი 2“-ის საქმე. გარდა ამისა, გვარამია პირდაპირ ჰპირდება მატერიალურ სარგებელს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ანუ იმ სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც განიხილავდა „რუსთავი 2“-ის საქმეს”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, იკვეთება ქრთამის გადაცემის შესახებ ეჭვი , რაც აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული.
„ნიკა გვარამია არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, სახე და ასევე გენერალური პროკურორი დანიშნული „რუსთავი 2“-ში. დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი დამოკიდებულებით არ განიხილება უზენაეს სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმე. ეს საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, სამართალდამცავმა ორგანოებმა და სასამართლომ უნდა დაადგინოს. აქ იკვეთება ის გარემოება, რომ ჩანაწერი ზუსტად იმ დროს არის გაკეთებული, როდესაც საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა „რუსთავი 2“-ის საქმე. საქმე ეხება საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელსაც ესაუბრება ნიკა გვარამია და პირდაპირ ჩანს, როგორ ჰპირდება ნიკა გვარამია ამ ადამიანს, მოსამართლეს, მატერიალურ სარგებელს. რა თქმა უნდა, აქ იკვეთება  კონკრეტული ნიშნები, ჩნდება პირდაპირი ეჭვი ქრთამის გადაცემის თაობაზე, დანარჩენი არის უკვე სასამართლოს დასადგენი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები