„რუსთავი 2“-ის თანამშრომლის სახელით საგანგებო მიმართვა გავრცელდა – როგორ ჰპირდება ნიკა გვარამია მამუკა ახვლედიანს 6 მილიონს (ვიდეო)

სოციალურ ქსელ „youtube“-ზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლის სახელით ფარული ვიდეომიმართვა გავრცელდა.
ინტერნეტმომხმარებელი, რომელსაც მონტაჟის საშუალებით ხმა აქვს შეცვლილი, ,„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ გვარამია საკუთარი მიზნების განსახორციელებლად არც ერთ თანამშრომელს არ დაინდობს და არც სისხლისღვრას მოერიდება.
ამასთან, იგი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც ნიკა გვარამია მთავრობის წევრი იყო, მიხეილ სააკაშვილის სხდომებსაც იწერდა.
ვიდეომიმართვაში ასევე საუბარია, თუ როგორ ჰპირდებოდა ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს 6 მილიონს.
„მივესალმები ჩემს კოლეგებს “რუსთავი 2”-დან. მივესალმები საქართველოს ყველა მოქალაქეს.
თემა, რომელზეც უნდა ვისაუბრო, თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას ეხება. სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდი, ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ მოვქცეულიყავი. საბოლოოდ მივხდი, რომ ყველა მოქალაქის უფლებაა, იცოდეს სიმართლე, ვინ არიან ჩვენი ქვეყნის მტრები და ყველა მოქალაქეს აქვს უფლება მშვიდად იცხოვროს.
ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს სისხლისღვრისა და ერთმანეთის ჭამის დრო. უნდა დაისაჯონ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყნის მტრები. ეს არის პროტესტი.
მე ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური, ისევე, როგორც თქვენ. მე არ ვარ ბრმა იარაღი. მე გაჩვენებთ რა აღმოვაჩინე „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთ კომპიუტერში. ის, რაც ხდება „რუსთავი 2“-ში არის ბინძური პოლიტიკის ნაწილი და თამაში ჩვენი დირექციის მხრიდან.
თქვენ ნახავთ და მოისმენთ, როგორ ჰპირდება ნიკა გვარამია მამუკა ახვლედიანს 6 მილიონს, ჩვენ კი კაპიკებზე გვამუშავებენ. მამუკა ახვლედიანთან საუბარი რომ ნიკა გვარამიამ ჩაიწერა, ეს თავადაც აღიარა. მისივე ჩაწერილია საუბარი პაატა ბურჭულაძესთან. მე ასევე გიჩვენებთ, როგორ იწერდა გვარამია თათბირებს მიხეილ სააკაშვილთან, როცა მინისტრთა კაბინეტის წევრი იყო.
ეს არის უზნეო ადამიანი, რომელიც ყველა საშუალებით იწერს შინაურს თუ უცხოს. მე ამ ყველაფერს იმიტომ ვასაჯაროებ, რომ ჩვენ გავხდით ბინძური თამაშის მძევლები და ბრმა იარაღები. ჩვენ გვიყენებენ თავიანთი ბინძური გეგმების განსახორციელებლად. ამ ფარული მოსმენების შემდეგ, საბოლოოდ დავრწმუნდი, ნიკა გვარამია თავისი მიზნების მისაღწევად სისხლისღვრასაც არ მოერიდება და ნებისმიერ ჩვენგანს გაწირავს.
მოგიწოდებთ ყველა პროფესიონალ ჟურნალისტს, ის ვინც არ არის მოწამლული ამ სიბინძურით, დავდგეთ ერთად და ვუთხრათ არა პოლიტიკურ შეკვეთებს“, – ამბობს ვიდეოში, სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის ყოფილი თანამშრომელი და საზოგადოებას საინტერესო მასალის გასაჯაროებას ჰპირდება.
„უახლოეს პერიოდში კიდევ მოგაწვდით საინტერესო მასალებს. ჩემი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეს ფორმა ავირჩიე“, – ამბობს, სავარაუდოდ, ტელეკომპანიის თანამშრომელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები