ბიძინა ივანიშვილი: “ნაციონალები” რაღაც ჭორებს ავრცელებენ ჩემზე, რომ გარბისო

“რაღაც ჭორებს ავრცელებენ ჩემზე, რომ გარბისო”, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე ”ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.
„რაღაც ჭორებს ავრცელებენ ჩემზე, რომ გარბისო. თვითონ საცოდავები გაქცეულები არიან და ამ სიცრუით უნდათ, რომ შეურაცხყოფა მომაყენონ. თანაც კარგი რამ თქვეს, ნუ ეშინიაო, ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ მოვეფერებით ოპოზიციასო. მათ აჩვენეს უკვე. ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და კარგად აჩვენეს, როგორ ექცეოდნენ ოპოზიციას. ვითომ ახალი გუნდია და ახლებურად მოდიან”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო დაპირებებსა და ია მეტრეველსა და რულოვსს შორის მომხდარ შელაპარაკებაზეც გააკეთა კომენტარი.
”ეს იყოს ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც უაპელაციოდ ახალგაზრდა ბიჭებს ხოცავდნენ, სანდრა რულოვსი ჩამოვიდა და ზღაპრებს ყვება, რომ თვალებში თუ ტვინში ჩახედა ამ კაცს და ეს კაცი აღარ იძალადებს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მან ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ გამოვიდნენ და განმარტებები გააკეთონ, თუ როგორ შეცდომებზე ისწავლეს და რაზე იტყვიან უარს.
„ერთხელ ვთქვი, რომ ეს ქალბატონიც გამოვიდეს და განმარტებები გააკეთოს, რაზე იტყვიან უარს, რომ აღარ დახოცავენ ახალგაზრდებს, რომ აღარ გააუპატიურებენ, აღარ შეუვარდებიან ოჯახებში, აღარ ჩაერევიან სხვის პირად ცხოვრებაში, აღარ გადაიღებენ ამდენ კადრებს? 100 მილიონზე მეტი მოვითვალეთ, რაც მათ ჰქონდათ დახარჯული მარტო პირადი კადრების გადაღებაზე”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ”ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში გადაღებული კადრებიდან ერთი გელა ხვედელიძემ გაავრცელა და ხვედელიძეს ეს შეცდომა არ აპატიეს, უაპელაციოდ გაწირეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები