ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ „რუსთავი2“-ს, ბოდიში მოუხადოს ტელემაყურებელს სიყალბის ტირაჟირებისთვის

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „რუსთავი2“-ს ბოდიში მოუხადონ ტელემაყურებელს სიყალბის ტირაჟირებისთვის“, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, „რუსთავი 2“-ის მეშვეობით, პარტიულ რეიტინგებთან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა. მისივე თქმით, ტელეკომპანიამ მაყურებელს პარტიულ რეიტინგებთან დაკავშირებით, ინფორმაცია კიდევ ერთხელ ყალბი ფორმით მიაწოდა.
„გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია იმ სიცრუესთან და სიყალბესთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა „რუსთავი2“-ის მეშვეობით, პარტიულ რეიტინგებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, გავიხსენებთ იმას, რომ გაყალბდა ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, ისე იყო წარმოჩენილი, თითქოს ის მიიჩნევდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა 30%-იანი რეიტინგი, სინამდვილეში, მთლიანად კონტექსტიდან იყო მოწყვეტილი ეს ყველაფერი. საუბარი იყო იმაზე, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, მხარდაჭერა შეადგენს 150 ათას, 200 ათას კაცს, რაც პროცენტებში რომ გადავიყვანოთ, არის ბევრად ნაკლები, ვიდრე 30%. 30%-ი იყო ნათქვამი საერთოდ სხვა კონტექსტში, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანდა ვიდეოჩანაწერიდან, რომელიც იყო გავრცელებული, თუმცა კიდევ ერთხელ ყალბი ფორმით მიეწოდა ინფორმაცია ჩვენს ტელემაყურებელს. გარდა ამისა, იმავე დღეს, და მომდევნო დღეებში, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები, სამწუხაროდ, ცდილობდნენ ჩვენი წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეცდომაში შეყვანას. ისინი სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ ე.წ. ჩამჭრელი კითხვების დასმას და იმის დადასტურებას ჩვენი მხრიდან, რომ 30 %-ი რეიტინგი “ნაციონალური მოძრაობისა” შეესაბამება სინამდვილეს, თუმცა მიზანს რეალურად ვერ მიაღწიეს, იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ 30 %-ი მაჩვენებელი “ნაციონალური მოძრაობის” არის მთლიანად აცდენილი რეალობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი არის ბევრად ნაკლები, რამდენჯერმე ნაკლები, ვიდრე 30%-ია. რეალურად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვების გაყალბება, საბოლოო ჯამში, ნიკა გვარამიას დასჭირდა გაყალბებული კვლევის შედეგების შესაფუთად. ეს იყო მთავარი მიზანი. გაყალბებულია აბსოლუტურად ის მაჩვენებლები, რომლებიც შემოგვთავაზეს ჩვენ „რუსთავი2“-ის მეშვეობით. ეს კვლევა მოგეხსენებათ ჩაატარეს “ნაციონალურ მოძრაობასთან” პირდაპირ ასოცირებულმა ადგილობრივმა კვლევითმა ორგანიზაციებმა, საველე ორგანიზაციები სწორედ მის მიერ ჩატარდა „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის პოლიტიკური აპილაციის შესახებ ყველას ძალიან კარგად მოგვეხსენება. ჩვენ ზოგადად, მიჩვეულები ვართ ნიკა გვარამიას მხრიდან, „რუსთავი 2“-ის მხრიდან მისი ხელმძღვანელობით, სამწუხაროდ, სიყალბეს და სიცრუეს. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერზე არ გავამახვილებდით ყურადღებას, ეს ყველაფერი რომ არ იყოს იმ ჩაფიქრებული რევოლუციური სცენარის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოაზრებული აქვთ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს. მათ შორის, ბატონ ნიკა გვარამიას. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ ამ რევოლუციურ სცენარს საქართველოში განხორციელება არ უწერია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „რუსთავი2“-ს, ბოდიში მოუხადონ ტელემაყურებელს სიყალბის ტირაჟირებისთვის. ჩვენ მოგაწვდით ვიდეომასალას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები არის გაყალბებული. მას არც ერთხელ არ უხსენებია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს 30%-ი რეიტინგი. რეალურად, “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი არის რამდენჯერმე ნაკლები 30%-იან მაჩვენებელზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები