მოსკოვის სასამართლომ ბორის ნემცოვის მკვლელობას საქმის განხილვა დაიწყო

მოსკოვის საოლქო სასამართლოში რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო. ნემცოვი 2015 წლის თებერვალში მოკლეს.
სააგენტო „ინტერფაქსის” ცნობით,  სასამართლოს შენობასთან უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული – იქ ათობით პოლიციელია მობილიზებული.
ბორის ნემცოვის საქმეზე ხუთი პირია დაკავებული, ესენი არიან ზაურ დადაევი, ანზორ და შადიდ გუბაშევები, ასევე ტამერლან ესკერხანოვი და ხამზატ ბახაევი.
გამოძიების ვერსიით, ნემცოვის მკვლელი ზაურ დადაევია. დანარჩენები მას დანაშაულის ჩადენის მომზადებაში ეხმარებოდნენ.
ყველა ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. დადაევმა და ძმებმა გუბაშევებმა გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცეს, მაგრამ მოგვიანებით განაცხადეს, რომ ეს ზეწოლის შედეგად გააკეთეს.
გამოძიება ვარაუდობს, რომ  მკვლელობის ორგანიზატორი რუსლან მუხუდინოვია, რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
სააგენტო „ტასის“ ცნობით, სასამართლო დარბაზში ბეჭდური მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ. იქ მხოლოდ ტელეკომპანიების ჟურნალისტები შეუშვეს. სასამართლოს წარმომადგენელი, კირილ ლუჟინი ამის მიზეზად დარბაზში ადგილების უკმარისობას ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები