ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის სიტყვების გაყალბება ნიკა გვარამიას გაყალბებული კვლევის შედეგების შესაფუთად დასჭირდა

”რუსთავი 2”-ის მხრიდან პარტიულ რეიტინგებთან დაკავშირებით სიცრუე და სიყალბე გავრცელდა, ასევე გაყალბდა ბიძინა ივანიშვილის სიტყვები“, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის სიტყვების გაყალბება ნიკა გვარამიას დასჭირდა.
”ივანიშვილის სიტყვები ისე იყო წარმოჩენილი, თითქოს ის მიიჩნევდა, რომ ”ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდა 30%-იანი რეიტინგი. სინამდვილეში, მთლიანად კონტექსტიდან იყო მოწყვეტილი ეს ყველაფერი. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საუბარი იყო იმაზე, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი შეადგენს 150 000-200 000 კაცს, რაც პროცენტულად არის ბევრად ნაკლები, ვიდრე 30%. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან 30% სულ სხვა კონტექსტში იყო ნათქვამი და ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანდა ვიდეოჩანაწერიდან, რომელიც გავრცელდა, თუმცა ყალბი ფორმით მიეწოდა ტელემაყურებელს.
გარდა ამისა, ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები ცდილობენ ჩვენი პარტიის წევრების შეცდომაში შეყვანას. ისინი ცდილობდნენ ე.წ. ჩამჭრელი კითხვებით იმის დადასტურებას ჩვენი მხრიდან, რომ 30%-იანი რეიტინგი სინამდვილეს შეესაბამებოდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” 30%-ინი რეიტინგი არის მთლიანად აცდენილი რეალობას. ”ნაცმოძრაობის” რეიტინგი ბევრად ნაკლებია, ვიდრე 30%.
ბიძინა ივანიშვილის სიტყვების გაყალბება ნიკა გვარამიას დასჭირდა გაყალბებული კვლევის შედეგების შესაფუთად. ეს იყო მთავარი მიზანი”, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ. .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები