„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ აფრთხილებს – „ნუ ისარგებლებენ ჩვენი აქტივისტების თავშეკავებული მიდგომით“

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გუშინ ზუგდიდში, სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სახე.
კობახიძე სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, „სათანადოდ გამოიძიონ აღნიშნული ძალადობრივი აქტი.“
“გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ ზუგდიდში, სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სახე. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს სამ აქტივისტს. მათ შორის ახალგაზრდა გოგონას, რომელიც მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელებმა, მათ შორის, თენგიზ გუნავამ სცადეს აღნიშნული ინციდენტის „შეფუთვა“.
ვაფრთხილებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ბოროტად ნუ ისარგებლებენ ჩვენი აქტივისტების თავშეკავებული და ღირსეული მიდგომით და მომავალი დღეების განმავლობაში ნუ ეცდებიან ძალადობრივი აქტების განხორციელებას.
ჩვენი აქტიური ძალისხმევით, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ შევძელით მშვიდობიანი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა და საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის უფლებას არავის მივცემთ.
მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სათანადოდ გამოიძიონ აღნიშნული ძალადობრივი აქტი.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენ აქტივს, არ აყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციებს”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები