პრემიერი პირობას დებს, რომ პედაგოგების ჩართულობის გარეშე განათლების სფეროში ნაბიჯი არ გადაიდგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრაზე პირობა დადო რომ, მათი ჩართულობის გარეშე განათლების პოლიტიკის და განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით ნაბიჯი არ გადაიდგმება.
კვირიკაშვილის თქმით, ის ეთანხმება განათლების მინისტრის პოზიციას, რომ პედაგოგებისთვის გამოცდები და ტესტირებები არ უნდა იყოს სადამსჯელო მექანიზმი.
”ვიმეორებ მინისტრის ნათქვამს და ხშირად ვესესხები ამაში, რომ ჩვენ არ უნდა გავხადოთ გამოცდები და ტესტირებები პედაგოგებისთვის, როგორც რაღაც სადამსჯელო მექანიზმი. პედაგოგს უნდა ჰქონდეს წინასწარი მთელი პროცედურა გავლილი, რომ მას ეხალისებოდეს შემდეგ დადასტურება თავისი მაღალი კვალიფიკაციის და არა ის, რომ შიშით ელოდებოდეს ამას.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას მივაღწევთ. მასწავლებლის პროფესია, როგორც ერთ-ერთი ცენტრალური, სტრატეგიული და ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი ადამიანის პროფესია, უნდა გავხადოთ საამაყო და ყველაზე პრესტიჟული. ეს არის ჩვენი მიზანი და დარწმუნებული ვართ, ამას მივაღწევთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება დარჩება მთავრობის პრიორიტეტად. მისივე ინფორმაციით, 1600-მდე საჯარო სკოლა აღადგინეს, 10 ახალი სკოლა დასრულების ეტაპზეა და 10 უკვე გაიხსნა.
”ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის თანადგომით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში იგეგმება 100-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და სკოლების აღჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. 12 ასეთი ლაბორატორია უკვე დასრულებულია, რაც ნამდვილად მახარებს.
ყველაზე მთავარი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ დაგიდასტუროთ უდიდესი პატივისცემა და გითხრათ – თქვენი ჩართულობის გარეშე ნაბიჯი არ იქნება გადადგმული განათლების პოლიტიკის და განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი დღეს. ამისთვის გვინდოდა შევხვედრილიყავით და მოგვესმინა თქვენი წინადადებები”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები