ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი პარტნიორების დახმარებით უნდა მოვახერხოთ და ნდობა აღვადგინოთ ჩვენს ძმებთან

“ჩვენი პარტნიორების დახმარებით, უნდა მოვახერხოთ და ნდობა აღვადგინოთ ჩვენს ძმებთან და საქართველოს გამთლიანებაზეც ვიზრუნოთ”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ბიძინა ივანიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
“ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, რომ ეს ომი ჩვენ ჩავიდინეთ, ეს უბედურება საზოგადოებას მათ მოახვიეს თავს. რომ არა მათი სისულელეები, რომ არა ის გაუგონარი ქმედებები, რაც გააკეთა ამ გუნდმა მათი ბელადის მეთაურობით, არ იქნებოდა ეს ყველაფერი. ჩვენ კარგად უნდა გავთვალოთ ჩვენი რესურსები და შესაძლებლობები. სავაჭრო ურთიერთობები განვაახლეთ რუსეთთან, ჟენევის მოლაპარაკებები გრძელდება. წარმომადგენელი დავნიშნე აბაშიძის სახით, როდესაც პრემიერ-მინისტრი გახლდით.
​ჩვენ არჩეული გვაქვს ერთადერთი სწორი გზა – ევროპული სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, ჩვენი ეკონომიკა უნდა გავაძლიეროთ, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უნდა გავხდეთ უფრო ფასეული, დემოკრატიული ღირებულებების დაფუძნებისა და ეკონომიკის გაძლიერების ხარჯზე, ჩვენი პარტნიორების დახმარებით, უნდა მოვახერხოთ, ნდობა აღვადგინოთ ჩვენს ძმებთან და საქართველოს გამთლიანებაზეც ვიზრუნოთ. მკვეთრი გზები იცოდა სააკაშვილმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ“, სანამ მოხდებოდა ომი 2008-ში. აბა, გაიხსენეთ ცივი ომი მოახერხეს თუ არა რუსეთთან, ვაგონებით იქიდან გამოჰყავდათ ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობა, რომელიც ლუკმა პურის საშოვნელად იყო გადახვეწილი და იქ სამუშაო ადგილებს ეძებდა. ჩვენ ეს მძიმე შედეგი დაგვიტოვეს და ახლა უნდა წარმოაჩინონ, რომ ეს მძიმე შედეგი ივანიშვილის შედეგია და არა მათი უპასუხისმგებლო მოქმედების“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები