გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე ერთობლივი განცხადება გაკეთდა

 გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით არსებულ რთულ ვითარებაზე ერთობლივი განცხადება გაკეთდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმდინარე, 33-ე სესიის ფარგლებში დღეს საქართველოს დელეგაციამ, გაეროს 46 სახელმწიფოს სახელით გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამოთქმულია ღრმა შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო.
„განცხადება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 2016 წლის 13 სექტემბრის განცხადებას ეყრდნობა და გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში კონტროლის განმახორციელებელი ძალის მიერ უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლების შესვლაზე სისტემატური უარის დაფიქსირების გამო“, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, განცხადება ხაზს უსვამს რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების მნიშვნელობას, დამოუკიდებელი და ობიექტური ანგარიშების მომზადების აუცილებლობას, ასევე უმაღლესი კომისრის ოფისის, სპეციალური პროცედურების მანდატის მფლობელთა, ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების მეტი ჩართულობის საჭიროებას და საერთაშორისო აქტორების შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
„აღნიშნულ განცხადებაში გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები