ბიძინა ივანიშვილი: პროკურატურა დღეს ძალიან წარმატებულია

“ვფიქრობ, რომ პროკურატურა დღეს ძალიან წარმატებულია”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში, შიდა ქართლის მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ექსპრემიერმა აღნიშნა, პროკურატურა დღეს კანონით ხელმძღვანელობს და საზოგადოების ინტერესებზეა ორიენტირებული.
„იმ ხერხით, რასაც მიმართავდა წინა ხელისუფლება, არ შეიძლება ჩვენ ვისარგებლოთ, მხოლოდ კანონით უნდა ვიხელმძღვანელოთ. პროკურატურა არ არის მარტივი თემა – მტკიცებულებები, მოწმეები სჭირდება, სასამართლომდე ასე უნდა მიიტანო, თუ არადა, სასამართლო უკან გადმოგიყრის იმ თემას. ელემენტარული საკითხებია ძალიან ხშირად, მაგალითად ის, რომ იყო კანონდარღვევა, მაგრამ ის, რომ გააფორმო კანონის ენაზე და სასამართლოსთვის იყოს მისაღები, ეს ძალიან ხშირად რთულდება, ბევრ დროს ითხოვს.
მე ვფიქრობ, რომ პროკურატურა დღეს ძალიან წარმატებულია, თვალყურს ვადევნებ  და მახსოვს პირველივე დღიდან რა პრობლემები იყო, კუბლაშვილის სასამართლო პირველი ორი წელიწადი მუშაობის საშუალებას არ აძლევდა, დღეს პროკურატურა არის ძალიან წარმატებული, წელში გამართული. ცალკეული გადაცდომები ყველა ქვეყანაში ხდება, შეიძლება აქაც მოხდეს, მაგრამ დღეს ჩვენთან პროკურატურა არის ობიექტური და მაქსიმალურად ცდილობს არა პარტიაზე, არამედ საზოგადოებაზე იყოს ორიენტირებული, რომ თავისი როლი შეასრულოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები