ბიძინა ივანიშვილი კოჰაბიტაციის პერიოდს იხსენებს: საოცრებები გავაკეთე, ბეწვის ხიდზე დავდიოდი

“საოცრებები გავაკეთე, ბეწვის ხიდზე დავდიოდი, რომ ჩვენი პარტნიორები არ დაგვეკარგა”, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა კოჰაბიტაციის პერიოდის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ექსპრემიერმა აღნიშნა, უცხოელი პარტნიორები მას მოუწოდებდნენ, რომ მხოლოდ მომავალზე ყოფილიყო ორიენტირებული და უკან არ გაეხედა. მისივე თქმით, ის პარტნიორებს უხსნიდა, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებული განწყობა სხვაგვარი იყო. ექსპრემიერმა იურმალაში გამართული შეხვედრაც გაიხსენა.
„საოცრებები გავაკეთე, ბეწვის ხიდზე დავდიოდი, რომ ჩვენი პარტნიორები არ დაგვეკარგა. განწყობა იყო ასეთი: საქართველო არის დემოკრატიის შუქურა და სამაგალითოდ ჰყავდათ საქართველო ევროპაში და ამერიკაში. ეს განცდა ჰქონდათ ჩვენს პარტნიორებს. მახსოვს, შოკში ვარდებოდნენ ჩემთან საუბრის შემდგომ, რომ თურმე პროცესები უნდა გაგრძელდეს და კიდევ ვინმე დაიჭირონ. პარტნიორები გულწრფელად გაოგნებულები იყვნენ, მათთან შეხვედრების 90%-ს ახსნა-განმარტებებში ვხარჯავდი.
ჩვენ ეს სტრატეგიული მიმართულება არ უნდა შევიცვალოთ, ამერიკა ჩვენი პარტნიორია. შეერთებული შტატების საქართველოს მიმართ ინტერესის დაკარგვა ტრაგედია იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ამაზე მე ვიღვწოდი და ძალიან დაძაბული ვიყავი. ასევე ევროპაც, ევროპელების არდარწმუნება იმაში, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ სუფთა ხელებით, იყო ძალიან რთული. კოშმარული წელიწადი იყო. ამ დროს ხალხი ითხოვდა მეორე უკიდურესობას – უფრო მეტს.
უკან არ გაიხედო, მარტო წინ იყურეო, – სულ ამას მარიგებდნენ. მახსოვს ევროპაში ჩავედი, იქ იურმალაში 30 კაცთან შეკრება მოგვიწია, გარეთ გამოიყვანეს 3-4 პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა 10 მინისტრი, პრეზიდენტი. საოცარი შეხვედრა იყო და ყველა მირჩევდა, რომ არც ერთ შემთხვევაში არავის გაეკარო, მხოლოდ წინ იყურეო. ვუხსნიდი, როგორ ვიყურო წინ, ჩვენც საზოგადოება ვართ, ისტორიული ქვეყანა ვართ,  სადაც პატივცემული ხალხი ცხოვრობს, ხალხს ამდენი აგრესია აქვს, ასეთი დამოკიდებულება აქვს – როგორ, რანაირად, ხელოვნურად როგორ შევაჩერო? თუ კანონმდებლობაა, კანონმა უნდა იმუშაოს… ეს პროცესები იყო უკიდურესად დაძაბული და ვფიქრობ, იქ იყო ყველაზე დიდი გარღვევა, რაც გავაკეთეთ – თვითონ “ნაციონალურმა მოძრაობამაც“ კარგად იცის და ყველაზე დიდი ტრაგედიაც ესაა მათთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაცილებით უკეთესი ურთიერთობა გვაქვს.
ისინი ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ მტერი მოვედი მე და მინდოდა ქვეყნის მიმართულების შეცვლა. გარწმუნებთ ამაშიც, რომ ძალიან დიდი ავტორიტეტით ვსარგებლობ, ეს გამოიკვეთება ნებისმიერ შეხვედრაში, ევროპელებთანაც გაცილებით უკეთესი დამოკიდებულება გვაქვს და აღფრთოვანებულნი არიან იმ რეფორმებით, რაც საქართველოში გატარდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები