სასტუმრო “Rooms Hotel Tbilisi”- ში მწვანე მომხმარებლის დღე აღინიშნა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას ინიციატივით, “მწვანე მომხმარებლის“ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასტუმრო “Rooms Hotel Tbilisi”- ში შეიკრიბნენ.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აუცილებელია 2017 წლიდან „მწვანე” მომხმარებლის დღე აღინიშნოს ოფიციალურად, ხოლო სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთობლივად შექმნიან ინიციატივათა პაკეტს, რათა „მწვანე” არჩევანი საინტერესო იყოს არა მხოლოდ ეკოლოგიური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც.
უწყების ინფორმაციითვე, საქართველო, ორიენტირებულია ეკოლოგიური ქვეყნის სტატუსზე, რაც აგრარული, ტურისტული, ენერგეტიკული და ტექნოლოგიური სექტორებისათვის მნიშვნელოვანია.
„ ამ ეტაპზე არ არსებობს “მწვანე” პროდუქციის სათანადო სტანდარტები, სუსტია წარმოება და პრაქტიკულად არ ფიქსირდება მოთხოვნა, მაშინ, როდესაც მსგავსი ორიენტაციის სხვა ქვეყნებში, „მწვანე” დაკვეთა ეკონომიკის მნიშვნელოვანი სტიმულია.
კლიმატის ცვლილების ფონზე, საერთაშორისო თანამეგობრობა ეძებს ახალ გზებს ამ საგანგაშო ტენდენციის დასაძლევად, რადგან საბაზრო სისტემაში მომხმარებელი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მიწოდებას, საზოგადოების მხრიდან რისკების გათავისება და „მწვანე” დაკვეთის შექმნა ჯანსაღი გარემოს შენარჩუნების წამყვან ასპექტად განიხილება.
„მწვანე” მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს ისეთ პროდუქტს, რომელიც მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე (რესურსის მოპოვება, წარმოება, ტრანსპორტირება, ექსპლოატაცია, უტილიზაცია) ნაკლებად აბინძურებს გარემოს. „მწვანე” პროდუქტი შეიძლება იყოს საკვები, სამომხმარებლო ელექტროტექნიკა, ავტომობილები, სასტუმრო და საბანკო მომსახურებაც კი“,-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, e-space-ს აღმასრულებელი დირექტორი სულხან გვალია, სამსუნგ ელექტრონიკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გიორგი ჯავახიშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი ია პაპიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები