ადლიის ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

   საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბაზაზე იმყოფებოდა. ადლიის ბაზაზე 2013 წლის გეგმით გათვალისწინებული ყველა სამშენებლო სამუშაო დასრულებულია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობებს. ყაზარმაში შეიცვალა ელექტროგაყვანილობის სისტემა, დამონტაჟდა ვენტილაცია და გათბობის სისტემა ახლით შეიცვალა, მოწესრიგდა სველი წერტილები, გაკეთდა კაფელ-მეტლახი, შეიცვალა მილგაყვანილობა, ჩატარდა სამღებრო და შესაბამისი თანმხლები სარემონტო სამუშაოები; სასწავლო კლასები ახალი ინვენტარით აღიჭურვა; მოწესრიგდა ბაზის ტერიტორიის გარე განათება და შემოიღობა სამხედრო ნაწილის მთლიანი პერიმეტრი. მიმდინარეობს სამხედრო ნაწილის გაზიფიცირების სამუშაოებიც.
“დღეს ადლიას ბაზა, ხედავთ, რომ პრაქტიკულად მთლიანად ახლიდან გარემონტდა და გაკეთდა ყაზარმა. დასრულების სტადიაშია საქვაბე, რომელიც მთლიანად მოემსახურება ამ ბაზას. განახლდა ასევე ის შენობა, რომელიც დღეს ინგლისური ენის კლასებს მასპინძლობს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა ოფიცრებმა და სამხედროებმა დაიწყეს ინგლისურის სწავლა. ეს აუცილებელი ენაა ნატოსთან თავსებადობის კუთხითაც. მთავარი თავსებადობაა ისიც, რომ ჩვენი ჯარისკაცები  უკეთეს პირობებში იმყოფებიან. ეს არის ძირითადი, რაც ჩვენ დავიწყეთ გასულ წელს და გავაგრძელებთ წელს. ყველა ბაზაზე შევქმნით მაქსიმალურად ისეთ პირობებს, რომელიც შეძლებს ჩვენს ჯარისკაცებს მისცეს თავისი ფუნქციის – ქვეყნის დაცვის განხორციელების შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ღირსეულ პირობებში ბევრად უფრო ეფექტური იქნება ქართველი ჯარისკაცი”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
2013 წელს თავდაცვის სამინისტრომ მასშტაბური და მცირე სამშენებლო პროექტი განახორციელა. სამუშაოების ძირითად ტიპოლოგიას ყაზარმების, შტაბის, სასადილოების, ლაზარეთის, საცხოვრებელი და სამსახურებრივი კორპუსების და საკონტროლო-გამშვები პუნქტების სარემონტო თუ სამშენებლო სამუშაოები წარმოადგენდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები