ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების 6-დან 23 თვემდე ასაკის ბავშვებისათვის საკვები მიკროელემენტების გაცემას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტრო 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, სოციალურად დაუცველი ოჯახების 6- დან 23 თვემდე ასაკის ბავშვებისათვის საკვები მიკროელემენტების გაცემას იწყებს. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, პროგრამა რომელიც კვებით გაუმჯობესებას ისახავს მიზნად,მნიშვნელოვანია.
„სოციალურად დაუცველი ოჯახების 6-დან 23 თვემდე ასაკის ბავშვების საკვების მიკროელემენტების ფხვნილით (MNP) გაჯერება კვებითი არასრულფასოვნების კონტროლისა და პრევენციისათვის მოკლევადიანი გეგმით განისაზღვრა. ეს არის მნიშვნელოვანი ინტერვენცია, რომელიც მიმართულია კვებითი სტატუსის გაუმჯობესებისთვის. 6 თვემდე ბავშვისთვის დედის რძე უზრუნველყოფს ყველა საჭირო მიკროელემენტის მიწოდებას. შემდეგ დგება საჭიროება დამატებითი საკვების მიღებისა, სწორედ ამ დროს, როცა ბავშვი იზრდება და ვითარდება, ვიტამინებზე მოთხოვნა არის გაორმაგებული. როცა კვება არ არის მრავალფეროვანი, დგება ნივთიერებების დეფიციტი. ეს ინტერვენცია კი არის ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა,“ – განაცხადა ნინო ბერძულმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი ოჯახების 6-დან 23 თვემდე ასაკის 13000 ბავშვისთვის, სტატისტიკური მონაცემების და ფხვნილის მიღების ინსტრუქციის გათვალისწინებით, სულ 78 000 კოლოფი (2 340 000 პაკეტი) შეიძინა. ერთდოზიან პაკეტებად დაფასოებული მიკროელემენტების ფხვნილის ნარევი სახლში მომზადებულ საკვებთან ერთად მიიღება და ბავშვებში მიკროელემენტების დეფიციტის შევსებას უზრუნველყოფს. მათივე ინფორმაციით, ბენეფიციარები მიკროელემენტებს საქართველოს ყველა რეგიონში, „ მედფარმა პლუსის“ კონტრაქტორი აფთიაქების მეშვეობით მიიღებენ. ერთჯერადად, ერთ ბავშვზე, საკვები დანამატის წლიური მარაგი – 180 პაკეტი გაიცემა. საკვები დანამატების მიღების შესახებ ბენეფიციარებს დამატებით ინფორმაციას სოციალური აგენტები და სოფლის ექიმები მიაწვდიან.

”საკვები მიკროელემენტების ნაკლებობა ადამიანის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე მოქმედებს. მიკროელემენტების დამატება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდის მიერაა მოწოდებული და მიზნად კვებითი დეფიციტის აღმოფხვრას ისახავს”, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები