გადასახადის გადამხდელთა გარკვეული კატეგორია საგადასახადო დავალიანებისგან გათავისუფლდა

გადასახადის გადამხდელთა გარკვეული კატეგორია საგადასახადო დავალიანებისგან გათავისუფლდა. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად (გამოქვეყნდა 2016 წლის 1 ივნისს) 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ა) და ბ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა:
ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი;
ბ) 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი.
გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა ( გ) ნაწილი დარჩა უცვლელი).
ცვლილების ამოქმედებიდან, 02.06.2016 -21.09.2016 პერიოდში, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით, 24,546 გადასახადის გადამხდელს უკვე ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება ჯამში 1,013,179,986-00 ლარი, მათ შორის: ა) ნაწილით – 24,318 გადამხდელს 1,012,477,408-80 ლარი; ბ) ნაწილით – 218 გადამხდელს 697,885-80 ლარი; გ) ნაწილით – 10 გადამხდელს 4, 691-40 ლარი.
”შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს, როგორც საკუთარი ინიციატივით (სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში), ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში. ჩამოწერის პროცესი გრძელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები