ჯაბა სამუშია: წინა ხელისუფლების პერიოდში თბილისში 8 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართზე გაცემულია მშენებლობის ნებართვა
„პროცენტულად ჩვენს პერიოდში გაცემულია 10-10% ნებართვა, წინა ხელისუფლების პერიოდში კი 80 %-ზე“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სამუშიას ინფორმაციით „ცათამბჯენების“ ნებართვები თბილისის ცენტრალურ ნაწილში მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ გაცემულა, სამუშიას მიაჩნია, რომ თბილისში მშენებლობებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.
“2014 წლის შუა პერიოდამდე რაც გაიცა ნებართვები, ეს არის წინა ხელისუფლების დროს გაცემული ნებართვები. მათ გასცეს 8 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართზე მშენებლობის უფლება. ცათამბჯენები, რომლებზეც ხშირად თვითონ აკეთებენ აქცენტს ჩვენი კრიტიკის დროს, მათივე მითითებით გაიცა თავის დროზე.
გამკაცრება საჭიროა მშენებლობის კუთხით, თუმცა ამან არ უნდა შეზღუდოს სამშენებლო კომპანიები. განახლება ყველგან ხდება, მაგრამ არის პრინციპები. ჩვენ მშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ.
უნდა უყოს განსაზღვრული ავტოპარკირების პრობლემა, მწვანე საფარის და უამრავი გასათვალისწინებელი გარემო არსებობს“, -განაცხადა ჯაბა სამუშიამ. მანვე „ბარათაშვილისა“ და „მეტეხის ხიდზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა. ჯაბა სამუშია თბილისის ბიუჯეტის 6-თვიან გეგმასაც შეეხო და გამგეობების მუშაობა დადებითად შეაფასა.