დიმიტრი ქუმსიშვილის ტრანსპორტის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, ტრანსპორტის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი სატვირთო გადაზიდვების სფეროში მოქმედი სატრანსპორტო კომპანიებისა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ერთობლივი დიალოგის გამართვა იყო.

შეხვედრაზე კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების შესახებ იმსჯელეს. ასევე, მოხდა იმ პრობლემატური საკითხების იდენტიფიცირება, რომელთა გადაჭრაც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო კომპანიების საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას.

შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა მიმოიხილა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს და აქტივობებს.

ქუმსიშვილის განცხადებით, ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება. მისი თქმით, აუცილებელია საქართველოში ლოგისტიკური ცენტრების განვითარება, რათა საქართველოში დამატებითი ღირებულება შეიქმნას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სრულად იყოს გამოყენებული ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, გააჩნია.

აღინიშნა, რომ საქართველოს გადამზიდავი კომპანიების ავტოსატრანსპორტო პარკი საკმაოდ მოძველებულია, მისი განახლებისთვის კი წვდომა ფინანსურ რესურსებთან საკმაოდ შეზღუდულია. აღნიშნული სექტორისთვის არ არსებობს იაფი საკრედიტო დაფინანსება, მოძველებული ავტოპარკი კი, კომპანიების წარმომადგენელთა მოსაზრებით, ერთ-ერთი გარემოებაა, რომლის გამოც მათ უჭირთ კონკურენციის გაწევა უცხოურ გადამზიდავ კომპანიებთან.

გადაწყდა, რომ სამუშაო შეხვედრები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენლებთან მომავალშიც გაიმართება.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით შეიქმნება საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკის განვითარების ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და დარგში არსებული გამოწვევების ერთიანი ხედვით გადაჭრას.

შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა ქართველი გადამზიდავებისთვის უცხოურ ბაზრებზე თავისუფალი შეღწევადობის ხელშეწყობის საკითხზე და გაიმართა დისკუსია კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის ტრანსპორტის სფეროში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

შეხვედრას ტრანსპორტის სფეროში მოქმედი სახელმწიფო უწყებების, სატრანსპორტო ასოციაციების, ლოგისტიკური ცენტრების, საწყობების, საზღვაო ნავსადგურების და ტერმინალების, საზღვაო ხაზების, საბორნე კომპანიების, სატვირთო ავია გადამზიდველების და ტერმინალების, საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავების და ექსპედიტორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები