საქართველოს ხვალ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ეწვევა

0

7-8 სექტემბერს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო (NAC) ეწვევა. ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებისგან დაკომპლექტებულ დელეგაციას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. ვიზიტის ფარგლებში, ხვალ გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში იქნება რიგით მეოთხე, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში, 8 სექტემბერს ნატოს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და სტუდენტების კითხვებს უპასუხებს.

კომენტარები

კომენტარი