გიორგი კახიანი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვას ფორმალური ხასიათი ექნება
„კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომები არ ტარდება” – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვას ალბათ ფორმალური ხასიათი ექნება.
„არჩევნებია მოახლოებული და კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომები არ ტარდება”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
პარლამენტი პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებზე 6 სექტემბერს იმსჯელებს. მოსამართლეობის კანდიდატების – ლევან ბოძაშვილს, ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
კომიტეტის სხდომაზე საკითხის მომხსენებელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე იქნება.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უკვე მეორედ წარუდგინა. თავდაპირველად გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ანა დოლიძის, თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები შესთავაზა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ მათ მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტი პარლამენტის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და საკანონმდებლო ორგანოს აღნიშნულ თანამდებობაზე ხელმეორედაც იგივე – თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები წარუდგინა. ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ლევან ბოძაშვილის კანდიდატურაც შესთავაზა. რაც შეეხება ანა დოლიძეს, ის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა.