რა გეგმები აქვს და ვისთან თანამშრომლობას აპირებს ირაკლი შიხიაშვილი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში

სამგორის #12 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ირაკლი შიხიაშვილმა „მაესტროს ფაქტორში“ იმ მიზნებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს.
კანდიდატი  აქცენტს მოსახლეობის სოციალურ პრობლემებზე აკეთებს. შიხიაშვილი აცხადებს, რომ სამგორის რაიონში არის ისეთი პრობლემები, რომელიც მოგვარებადია. მისი ინფორმაციით, შეუსრულებელმა დაპირებებმა გამოიწვია ის, რომ მოსახლეობის 60% აღარ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
“დღესდღეობით სამგორის რაიონში ბევრგან არ არის აფთიაქი, საკანალიზაციო სისტემა მოსაგვარებელია, არ არის სკოლები. ქვეყნიდან გასულია მილიონნახევარი ადამიანი, უნდა მოვახერხოთ, რომ ხელგაწვდილი მდგომარეობიდან ჩვენი მოქალაქეები დოვლათისშემტან ადამიანებად ვაქციოთ.
მე მიმაჩნია, რომ პარლამენტში უნდა დადგეს ისეთი დრო და ამ დროს დავაყენებთ, როდესაც დომინანტი იქნება აზრი, საჭიროება და არა ვინ ამბობს. ან აუცილებლად ამ გუნდში უნდა იყოს გადაწყვეტილი ესა თუ ის საკითხი, თორემ ჯიბრით არ დავუჭერთ მხარს. მსგავსი ფაქტები ყოფილა და დღესდღეობით მივიღეთ ის, რომ იმ პარტიების რეიტინგები იცვლება და სამწუხაროდ, დაბლა მოდის. დღეს ჩემი მონაცემებით, მოსახლეობის 60% საერთოდ აღარ არის დაინტერესებული, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. რამ გახადა საზოგადოება ინერტული? იმიტომ, რომ დაპირებები, რომელიც ესმოდათ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან, პარტიებისგან თუ პიროვნებებისგან, შედეგად იღებდნენ ტყუილს. მოტყუებული საზოგადოება აღარ არის მხარდამჭერი.
საკმარისია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ გარკვეული ჯგუფი, გარკვეული ბირთვი ადამიანების, თანამოაზრეები, რომლებიც საქმეზე არიან ორიენტირებულნი და არა ვიღაცასთან კინკლაობაზე, ამ შემთხვევაში ადამიანებში ჩნდება ერთობა და ყველაზე დიდი მხარდამჭერი და ძალა არის ხალხი, ვინც გირჩევს. ეს ძალა არავის არ მისცემს იმის საშუალებას, რომ ერთ კაცად დატოვოს დეპუტატი პარლამენტში. მითუმეტეს მე მჯერა, რომ თანამოაზრეები ბევრი იქნებიან პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას, დამოუკიდებელი კანდიდატი აცხადებს, რომ ის მეგობრებთან კავშირს არ წყვეტს, თუმცა ითანამშრომლებს მხოლოდ აზრთან.
„მე მეგობრებთან კავშირებს არ ვწყვეტ, მაგრამ პოლიტიკურ ძალას რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ მე ვითანამშრომლებ აზრთან, მე ვითანამშრომლებ მოსაზრებასთან, თუ როგორ ჯობია გაკეთდეს საქმე. არ შეიძლება ვიყოთ დამოკიდებული კონკრეტულ სტერეოტიპებზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი, თითოეული პოლიტიკური ჯგუფი, რას იტყვის და რას გააკეთებს იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი გვქონდეს მოსახლეობას. მე ძალიან ბევრჯერ და ძალიან საინტერესო პროექტები წამოვიწყე. ე.წ. ხრუშოვკები და საზღვრის პირა თემა რომ დავიწყე, მე ვერ მივიღე ვერცერთი პოლიტიკური ძალისგან მხარდაჭერა, თუმცა იმედი მაქვს რომ ეს მხარდაჭერა ხვალ იქნება“, – აღნიშნა კანდიდატმა.
ირაკლი შიხიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ „ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან თანამშრომლობა არ შეიძლება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები